ახალი ამბები

მთავრობაში დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილებები

მთავრობაში დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილებების შედეგად გარემოს დაცვის სამინისტრო ბუნებრივი რესურსების მართვის უფლებამოსილებას დაიბრუნებს ენერგეტიკის სამინისტროსგან, ხოლო 10 თებერვლიდან დასაქმების სახელმწიფო მინისტრის პოსტის ლიკვიდაცია მოხდება მინისტრთა კაბინეტში.

დასაქმების სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა 2012 წლის ივლისში წინა მთავრობის დროს შეიქმნა, თუმცა ახალმა მთავრობამ 10 თებერვლიდან მისი ლიკვიდაციის გადაწყვეტილება მიიღო, რაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა მისი ბრძანებულებით დაამტკიცა. ამ სახელმწიფო მინისტრის აპარატის დაფინანსება, რაც გასულ წელს 950 ათას ლარს შეადგენდა, 2013 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული არ ყოფილა.

ამასთან, მთავრობამ პარლამენტში მიმდინარე კვირაში შეიტანა საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც გარემოს დაცვის სამინისტროსთვის ბუნებრივი რესურსების მართვის იმ ფუნქციების დაბრუნებას ითვალისწინებს, რომლებიც ენერგეტიკის სამინისტროს 2011 წლის მარტში გადაეცა წინა მთავრობის მიერ განხორციელებული სადავო ცვლილებების შედეგად, რაც გარემოს დაცვითი ორგანიზაციების მწვავე კრიტიკის ფონზე იქნა მიღებული. 

დაგეგმილი სტრუქტურული რეორგანიზაციის  შედეგად, გარემოს დაცვის სამინისტრო დაიბრუნებს მის თავდაპირველ სახელწოდებას – გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო; ხოლო ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების ამჟამინდელ სამინისტროს ისევ ენერგეტიკის სამინისტრო დაერქმევა.

ამასთან, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ენერგეტიკის სამინისტროსგან, გარდა ნავთობისა და გაზის სფეროებისა, გადაეცემა ბუნებრივი რესურსების მართვის, ასევე ბირთვულ და რადიაციულ საქმიანობასთან დაკავშირებული კომპეტენციები.

მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ კანონში ამ ცვლილებებთან ერთად საკანონმდებლო პაკეტი მოიცავს მთელ რიგ გამომდინარე კანონებში ცვლილებებს, რომელთა განხილვასაც, პარლამენტი სავარაუდოდ უახლოეს ხანებში დაიწყებს.

Back to top button