skip to content
ახალი ამბები

საპარლამენტო დებატები პრეზიდენტის უფლებამოსილებაზე

პრეზიდენტის უფლებამოსილების შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების ირგვლივ შეთანხმება გზას გაუხსნის ნაციონალურ მოძრაობასა და „ქართულ ოცნებას“  შორის სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე თანამშრომლობას, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა 6 თებერვალს საგაზაფხულო სესიის პირველივე სხდომაზე გამართული საპარლამენტო დებატების დროს.

„ქართული ოცნების“ მიერ დეკემბერში ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის თანახმად, პრეზიდენტს უნარჩუნდება ყველა უფლებამოსილება, გარდა იმ ერთისა, რომელიც მას პარლამენტისგან სამჯერ თანხმობის მიუღებლობის შემთხვევაშიც კი მთავრობის ერთპიროვნულად გამოცვლის შესაძლებლობას აძლევს.

მართალია, კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად საკმარისზე (89 ხმაზე) მეტი მოაგროვა  – 91 ხმა, მაგრამ მას არ აქვს 100 ხმა, რაც საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად არის საჭირო.

ჯერჯერობით უცნობია, როდის გავა კონსტიტუციური ცვლილებების კანონპროექტი კენჭისყრაზე. პარლამენტის სხდომაზე კანონპროექტის ფორმალურ განხილვამდე, საკანონმდებლო ორგანოში „ქართული ოცნების“ ინიცირებული დებატები გაიმართა იმ თემაზე უნდა ჰქონდეს თუ არა პრეზიდენტს უფლება დაითხოვოს მთავრობა და დანიშნოს ახალი კაბინეტი პარლამენტის თანხმობის გარეშე.

დებატების დროს, რომელიც რაღაც მომენტში ხმამაღალ ურთიერთშელაპარაკებაში გადაიზარდა, ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები აცხადებდნენ, რომ „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილება დროის ფუჭი ხარჯვა იყო ორი მიზეზის გამო – ერთი ის, რომ ეს ცვლილება ნებისმიერ შემთხვევაში ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ისედაც ამოქმედდება, როდესაც ძალაში ახალი საკონსტიტუციო დებულებები შევა; და მეორეც ის, რომ მანამდე პრეზიდენტი სააკაშვილი ისედაც არ აპირებს მისი კონსტიტუციური უფლების გამოყენებას დაითხოვოს ივანიშვილის მთავრობა და დანიშნოს ახალი.

ამასთან, ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა დეპუტატებმა გაიმეორეს თავიანთი წინაპირობები და განაცხადეს, რომ ისინი მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუჭერენ ამ ინიციატივას მხარს, თუ პარლამენტი პარალელურად მიიღებს საკონსტიტუციო ცვლილებას, რომლითაც პროდასავლური საგარეო პოლიტიკური კურსი მთავრობისთვის კონსტიტუციურად სავალდებულო გახდება. ნაციონალურ მოძრაობას ასევე სურს, რომ გაიზარდოს საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად საჭირო კვორუმი არსებული ორი მესამედიდან სამ მეოთხედამდე, რის სანაცვლოდაც ის მხარს დაუჭერს „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებას პრეზიდენტის უფლებამოსილებაზე.

„ქართული ოცნების“ დეპუტატები, რომლებიც უარს ამბობენ, რომ ნაციონალური მოძრაობის წინადადებები პრეზიდენტის უფლებამოსილებაზე საკონსტიტუციო ცვლილებებთან ერთიან პაკეტში განიხილონ, აცხადებენ, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის უფლებამოსილების შეზღუდვა პოლიტიკური ტემპერატურის დაწევას და არცთუ მარტივი თანაარსებობის პერიოდში პოლიტიკურ სტაბილურობას შეუწყობს ხელს.

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ ამ კონკრეტულ საკითხზე ერთობლივი ნაბიჯების გადადგმა სხვა საკითხების კომპრომისების და შეთანხმებების გზით მოგვარებასაც დაეხმარება. 

იგი გამოვიდა წინადადებით, რომ ნაციონალური მოძრაობის მიერ შემოთავაზებული წინადადებები განხილულ იქნას საკონსტიტუციო რეფორმის დაგეგმილი კომისიის ფარგლებში.

უსუფაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ნაციონალურ მოძრაობას გააჩნია ბერკეტები, რომ „შეაფერხოს“ ქვეყნის განვითარება, მაგრამ „სიტუაციის შეტრიალებას ვერ შეძლებთ“. „ქვეყანა საიმედო ხელშია და გაგრძელდება მისი განვითარება“, – განაცხადა უსუფაშვილმა. 

დებატების დროს დეპუტატმა „ქართული ოცნებიდან“ ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს აქვს „დიქტატორული უფლება“, რომ დანიშნოს ახალი მთავრობა პარლამენტის თანხმობის გარეშე და არავინ იცის, გამოიყენებს თუ არა ის ამ უფლებას. მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ ნაციონალური მოძრაობის „20-25 დეპუტატის გარდა“, მმართველი კოალიცია შეძლებს დანარჩენი ოპონენტების დარწმუნებას იმაში, რომ მხარი დაუჭირონ ცვლილებებს.

დეპუტატმა ნაციონალური მოძრაობიდან პავლე კუბლაშვილმა განაცხადა, რომ ის არ დაუჭერს მხარს „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებას მაშინ, როდესაც მისი კოლეგები ზეწოლის ქვეშ იმყოფებიან – მას მხედველობაში ჰქონდა ნაციონალური მოძრაობის განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ ახალმა ხელისუფლებამ ზეწოლა მოხდინა დეპუტატებზე, რათა დაეტოვებინათ უმცირესობა და საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის მიეცათ ხმა. კუბლაშვილის თქმით, იგი არ მისცემს ცვლილებებს ხმას იმ „ულტიმატუმის ენის“ გამოც, რომელსაც, მისი თქმით, პრემიერ–მინისტრი ივანიშვილი იყენებს.

ბიძინა ივანიშვილმა 5 თებერვალს განაცხადა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრის დროს გამოხატული პოზიციით ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებს „აქვთ საშუალება მხოლოდ საკუთარი მომავალი და საკუთარი პოზიციები გახადონ ან აბსოლუტურად მიუღებელი საქართველოს საზოგადოებისათვის ან რაღაც პერსპექტივა მისცენ მათ“.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button