ივანიშვილის თქმით, გიორგი მარგველაშვილი ვიცე-პრემიერი გახდება
პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ განათლების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი ვიცე-პრემიერის ვაკანტურ პოსტს დაიკავებს მთავრობაში.
„გიორგი, რა თქმა უნდა, იქნება ვიცე-პრემიერი და იქნება მოადგილე“, – განაცხადა ივანიშვილმა პრესკონფერენციაზე 5 თებერვალს.
„მარგველაშვილი არის ინტელექტუალი, ჩემი მეგობარია, არ ვმალავ და ძალიან მიყვარს მასთან პოლემიკა“, – აღნიშნა მან.
პირველი ვიცე-პრემიერის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც პრემიერ-მინისტრმა ამ თანამდებობიდან 21 იანვარს მოხსნა ირაკლი ალასანია, რომელიც თავდაცვის მინისტრად აგრძელებს მუშაობას. მეორე ვიცე-პრემიერის თანამდებობა ენერგეტიკის მინისტრს კახი კალაძეს უკავია.
ივანიშვილმა ასევე განაცხადა, რომ მთავრობაში, რომელსაც მან „ძალიან სწორად შერჩეული“ უწოდა, „არავითარი გადაადგილებები“ არ იგეგმება.
„მე ვფიქრობ, რომ ძალიან ეფექტური მთავრობაა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ამასთან მან პრესკონფერენციაზე, სადაც ახალი მთავრობის 100-დღიანი საქმიანობა შეაფასა, განაცხადა, რომ მის კაბინეტს ამ პერიოდში „სერიოზული შეცდომა“ არ დაუშვია.
„წვრილ-წვრილი შეცდომები, რა თქმა უნდა, არსებობს. მე მგონი ძალიან ფრთხილად ვიქცევით, ძალიან სწორად ვიქცევით“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ იქ სადაც პრობლემები არსებობს, „რეაქციებს ვაკეთებთ“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)