
აშშ–ის ელჩი მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე კომენტარს აკეთებს
მთავრობა „სტრატეგიულად ორიენტირებული“ უნდა იყოს იმაზე, რომ ხალხის მოლოდინები გაამართლოს, ხოლო ოპოზიციამ თავისი წვლილი უნდა შეიტანოს „პასუხისმგებლიანი კრიტიკის“ საშუალებით, განაცხადა აშშ–ის ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა 4 თებერვალს.
„როგორც ყოველთვის, ძალიან მნიშვნელოვანია მთავრობისთვის, რომ შეეძლოს მართვა; ხალხი პროგრესს ელის, ისინი ელიან სამუშაოს, ეკონომიკურ განვითარებას; მთავრობა სტრატეგიულად უნდა იყოს ორიენტირებული, რომ ამ ტიპის შედეგი უზრუნველყოს. ოპოზიციამაც უნდა შეასრულოს გარკვეული როლი პასუხისმგებლიანი კრიტიკის საშუალებით“, – განუცხადა აშშ–ის ელჩმა ჟურნალისტებს, როდესაც მას ბოლოდროინდელ პოლიტიკურ მოვლენებზე კომენტარის გაკეთება სთხოვეს.
„ვფიქრობ, გარკვეული წუხილები არსებობს ახლა იმასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიციის კრიტიკა თვით-განხორციელებადი წინასწარმეტყველება [self-fulfilling prophecy] ხდება და ამის საბოლოო შედეგი ისაა, რომ საქართველოს საერთაშორისო იმიჯი ზარალდება; ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია ორივე მხარისთვის, რომ თანაარსებობის ეს პროცესი წარმატებული გახდეს“, – განაცხადა მან.
აშშ-ის ელჩმა ეს კომენტარი ჟურნალისტებთან იმ პრეზენტაციაზე დასწრების ფარგლებში გააკეთა, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მისი სამინისტროს განვითარების სტრატეგიის პროექტი წარადგინა.
This post is also available in: English Русский