ახალი ამბები

ფანჯიკიძე მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე მოსკოვთან ურთიერთობებზე საუბრობს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, რომ რუსეთის მიერ საქართველოს სეპარატისტული რეგიონების, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის „ოკუპაცია“ „სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის და გამოწვევას ევროპის უსაფრთხოებისთვის“.

„ეგრეთ წოდებული კონფლიქტები და გავლენის სფეროების აღდგენის მცდელობები უზარმაზარი გამოწვევაა ჩვენი რეგიონისთვის“, – განაცხადა მან წინასწარ მომზადებულ განცხადებაში, რომელიც გერმანულ ენაზე წაიკითხა 2 თებერვალს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ გამართული დისკუსიის დროს, „ჩვენ არ უნდა დავაკნინოთ ეს რისკები; წინააღმდეგ შემთხვევაში, საფრთხეს შევუქმნით უსაფრთხოებას სამხრეთ კავკასიაში და ეს შეცდომა არ უნდა დავუშვათ“.

ამავე დროს, მან ხაზი გაუსვა, რომ რუსეთთან „დიალოგს ალტერნატივა არ გააჩნია“ და იმ პირდაპირი მოლაპარაკებების შესახებ აღნიშნა, რომელიც რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს ზურაბ აბაშიძეს და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრიგორი კარასინს შორის დეკემბერში დაიწყო.

თუმცა, ფანჯიკიძემ ასევე ხაზი გაუსვა, რომ ეს პირდაპირი კომუნიკაცია რუსეთთან „ვერ ჩაანაცვლებს“ ჟენევის დისკუსიებს, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დაიწყო.

„ჩვენ არ ველით დაუყონებლივ გარღვევას“, – განაცხადა ფანჯიკიძემ, „უდავოა, რომ არ იქნება სრული შერიგება რუსეთთან ან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა [რომელიც 2008 წლის ომის შემდეგ შეწყდა], სანამ საქართველოს ნაწილები ოკუპირებულია“.

„თუმცა, დაძაბულობის შემსუბუქება და სამუშაო ურთიერთობების ჩამოყალიბება ეტაპობრივი, პრაგმატული მიდგომით მიღწევადი მიზანია“, – დასძინა მან.

იმავდროულად, კვირას საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაცია მოსკოვში გაემგზავრა, სადაც რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვის სააგენტოსთან  „როსპოტრებნადზორ“–თან ქართული პროდუქციის რუსულ ბაზარზე დაბრუნების თაობაზე მოლაპარაკებებს გამართავს.  

2 თებერვალს მიუნხენის კონფერენციაზე საუბრისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გაიმეორა, რომ ნატოში ინტეგრაცია საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტია. მან კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს ერთგულება ავღანეთის ოპერაციის მიმართ, მათ შორის 2014 წლის შემდეგაც.

„მიგვაჩნია, რომ ახლა დროა შემდგომი ნაბიჯი გადავდგათ საქართველოს ნატოში ინტეგრაციისკენ“, – განაცხადა ფანჯიკიძემ.    

მანამდე 2 თებერვალს, აშშ–ის ვიცე–პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, რომ „საქართველოს და ბალკანეთის სახელმწიფოებს განუხორციელებელი მისწრაფებები აქვთ ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ“.

„ინტეგრაციისკენ ამ ძალისხმევის ტემპს თავად ასპირანტი ქვეყნები განსაზღვრავენ. მაგრამ ჩვენც ვიზიარებთ პასუხისმგებლობას, რომ დავეხმაროთ მათ მიაღწიონ თავიანთ სამართლიან ადგილს ევროპაში და ტრანს–ატლანტიკურ ალიანსში“, – განაცხადა ბაიდენმა.

იმავე გამოსვლაში აშშ–ის ვიცე–პრეზიდენტმა გაიმეორა, რომ რუსეთის მიერ საქართველოს სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება იმ უთანხმოებებს შორისაა, რომელიც ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის არსებობს.

„ამერიკის შეერთებული შტატები არ აღიარებს აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად. ჩვენ არ ვაღიარებთ რომელიმე ერს, რომელსაც გავლენის სფერო აქვს. ამერიკა კვლავ იმ აზრზე რჩება, რომ სუვერენულ სახელმწიფოებს აქვთ უფლება თავად მიიღონ გადაწყვეტილებები და თავად აირჩიონ ალიანსები. ყველაფერი ეს აშშ–ის პოზიციად რჩება და ის არ შეიცვლება“, – განაცხადა ბაიდენმა.   

This post is also available in: English Русский

Back to top button