skip to content
ახალი ამბები

მაია ფანჯიკიძე მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე მიუნხენის 49–ე უსაფრთხოების კონფერენციას ესწრება, სადაც 2 თებერვალს მონაწილეობამ მიიღებს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ დაგეგმილ დისკუსიაში.  

მასთან ერთად ამ დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ ხორვატიის და მაკედონიის პრეზიდენტები, ასევე იტალიის, აზერბაიჯანის და ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრები.

მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში მაია ფანჯიკიძემ უკვე გამართა ორმხრივი შეხვედრა ისრაელის ვიცე–პრემიერთან და თავდაცვის მინისტრთან ეჰუდ ბარაკთან და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან დანიელ აიალონთან, რომლის დროსაც მხარეებმა საქართველო–ისრაელის ურთიერთობებზე, სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე და რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრეს, იტყობინება საქართველოს საგარეო უწყება.

მიუნხენში გამგზავრებამდე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ესტონეთს 30–31 იანვარს  ოფიციალური ვიზიტით სტუმრობდა, სადაც  შეხვედრები გამართა ქვეყნის პრეზიდენტ ტომას ჰენდრიკ ილვესთან, პრემიერ-მინისტრ ანდრუს ანსიპთან და საგარეო საქმეთა მინისტრ ურმას პაეტთან.

ესტონეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით,  ტომას ჰენდრიკ ილვესმა მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და ნატოსა და ევროკავშირში მისი მისწრაფების მიმართ.

„საქართველოს მზადყოფნა გაწევრიანდეს ამ ორგანიზაციებში მხოლოდ საქართველოს ქმედებებით და მიღწევებით შეიძლება განისაზღვროს და ევროკავშირსა და ნატოს გარეთ არსებული მოსაზრებები ამაზე გავლენას ვერ მოახდენს“, –  განაცხადა ილვესმა და აღნიშნა, რომ ოქტომბერში ხელისუფლების მშვიდობიანმა გადაცემამ დაადასტურა დემოკრატიული ფასეულობებისადმი საქართველოს ერთგულება.

 

This post is also available in: English Русский

Back to top button