
წულუკიანი: უკანონო განაჩენების გადახედვისთვის სპეციალური კომისიის შექმნა იგეგმება
ახალი ხელისუფლება გეგმავს მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი დროებითი კომისიის შექმნას, რომელიც „უკანონო პატიმრების“ და „ბიზნესმენებისთვის უკანონოდ ჩამორთმეული ქონების“ საქმეებს შეისწავლის, განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.
მან ამ ახალი ინიციატივის შესახებ 29 იანვარს „რუსთავი 2“-ის პოლიტიკურ თოქ-შოუში „პოზიცია“ სტუმრობისას ისაუბრა.
მისი თქმით, ამ კომისიის მიზანი იქნება იმ „კანონიერ ძალაში შესული უსამართლო გადაწყვეტილებების გადახედვა“, სადაც ბოლომდეა ამოწურული გასაჩივრების გზები. ეს, მისი ინფორმაციით, პირველ რიგში შეეხება, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის სისხლის სამართლის დანაშაულებს, ასევე სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებს, სადაც „დავის ღირებულება იქნება მაღალი“. „შეიძლება ეს იყოს 100 ათას ლარს ზევით“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა, თუმცა დასძინა, რომ ზუსტი ოდენობის განსაზღვრაზე მსჯელობა გრძელდება.
იუსტიციის მინისტრის განცხადებით, იმისათვის რომ კომისიამ ეფექტიანობა არ დაკარგოს, დადგინდება ძალიან მოკლე დრო რა ვადაშიც მოქალაქეებს კომისიაში განაცხადების შეტანა შეეძლებათ. იმ შემთხვევაში, თუ კომისია დაადგენს, რომ განაჩენი არის „აშკარად დაუსაბუთებელი“, ის თავის დასკვნას გადააგზავნის სასამართლოში და „ეს იქნება საფუძველი, რომ ახლად გამოვლენილი გარემოება იყოს დადგენილი", განაცხადა თეა წულუკიანმა.
მისი თქმით, ინიციატორებმა არჩევანი დროებითი კომისიის შექმნის სასარგებლოდ გააკეთეს ნაცვლად იმისა, რომ „დაგროვილი უკანონობების“ შესწავლა იუსტიციის სამინისტროს ფარგლებში განხორციელებულიყო.
მინისტრის ინფორმაციით, მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის წევრებსა და თავმჯდომარეს პარლამენტი აირჩევს კანონპროქტის თანახმად, რომელიც იუსტიციის სამინისტრომ არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით შეიმუშავა და რომელიც „ძალიან მალე“ იქნება ინიცირებული.