skip to content
ახალი ამბები

ივანიშვილი: მაქვს განცდა, რომ რუსეთის მხრიდანაც არის ურთიერთობების დალაგების მზაობა

პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მისი აზრით, თბილისის მსგავსად, მოსკოვის მხრიდანაც არსებობს ურთიერთობების დალაგების მზაობა  და „თუ ეს პროცესები განვითარდება, რა თქმა უნდა, შეხვედრები კიდევ გველოდება წინ“ რუსეთის ხელმძღვანელობასთან.

„დიდი იმედი გვაქვს ამის“, – განუცხადა მან დავოსში ქართველ ჟურნალისტებს რუსეთის პრემიერ-მინისტრთან დიმიტრი მედვედევთან შემდგარი ხანმოკლე შეხვედრის კომენტირებისას, რომელიც პირველი ასეთი კონტაქტი იყო ორი ქვეყნის მაღალი რანგის წარმომადგენლებს შორის 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად გაწყვეტილი დიპლომატიური ურთიერთობების პირობებში.  

„გავუწოდე ხელი, იმანაც იქიდან გამომიწოდა, ხელი ჩამომართვა, მე ვუთხარი წარმატებებს გისურვებთ, იმანაც მისურვა და ეს იყო სულ“, – ასე აღწერა ივანიშვილმა მედვედევთან დავოსში მსოფლიო ლიდერების მიღების ფარგლებში გამართული შეხვედრა.

მისი თქმით, ამ შეხვედრას „გაგრძელება, რა თქმა უნდა, უნდა მოყვეს წესით“.

ივანიშვილმა იქვე განაცხადა, რომ  „განსაკუთრებული სიგნალები“ და „არავითარი დამატებითი ინფორმაცია და კავშირები მე რუსეთთან არ გამაჩნია, რასაც თხზავენ და ხშირად სააკაშვილის გუნდიდან ამას ახმოვანებენ“, თუმცა „ვაკეთებ კარგ ანალიზს“ და „ძალიან კარგად შემიძლია გავაანალიზო ოპონენტის თუ კონკურენტის პოზიციაც“.

„ამ მხრივ, ჩემი გადმოსახედიდან, რუსეთის ინტერესებში შედის, ისევე როგორც ჩვენს ინტერესებში, რომ ეს ურთიერთობები დალაგდეს და ასეთი სიტუაცია, რაც არსებობს დღეს ორ ქვეყანას შორის არ არის სასარგებლო არცერთისთვის და მე ვგრძნობ და ვხედავ ჩემი ანალიზით მხოლოდ, რომ რუსეთის მხრიდანაც უნდა იყოს მზაობა, რომ ურთიერთობები დავალაგოთ“, – განაცხადა ივანიშვილმა.

საქართველოს-პრემიერ მინისტრი, რომელიც დავოსში მიმდინარე მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში მთელი რიგი შეხვედრები გამართა, მონაწილეობა მიიღო და სიტყვით გამოვიდა რუსი ბიზნესმენების სახელით გამართულ შეხვედრაზე, სადაც ივანიშვილის თქმით, „იგრძნობიდა სითბო და სურვილი, რომ ურთიერთობები დალაგდეს ჩვენს შორის“.

პრემიერ-მინისტრმა თავისს ერთ-ერთი ბოლო შეხვედრა დავოსში სტუმრობის ფარგლებში შვეიცარიის პრეზიდენტთან უელი მაურერთან 25 იანვარს გამართა.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button