skip to content
ახალი ამბები

ავღანეთში სამი ქართველი სამხედრო დაიჭრა

ორი ქართველი სამხედრო მოსამსახურე ავღანეთში „მსუბუქად“ დაშავდა, როდესაც  პატრულირებისას მოწინააღმდეგემ ცეცხლი გაუხსნა, განაცხადა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 24 იანვარს.

ამჟამად კაპრალი ერეკლე ხარშილაძე და უმცროსი სერჟანტი იაგო კაკულია მკურნალობას გერმანიაში, ლანდშტულის ამერიკულ ჰოსპიტალში გადიან, იტყობინება თავდაცვის უწყება.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პატრულირების დროს ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმზე აფეთქდა რიგითი გურამ ჩიმახიძე, რის შედეგადაც იგი „მძიმედ დაიჭრა“.

ამავე ინფორმაციით, ამჟამად ჩიმახიძე ბასტიონის ჰოსპიტალში იმყოფება და მკურნალობის გასაგრძელებლად გერმანიაში, ლანდშტულის კლინიკაში უახლოეს მომავალში გადაიყვანენ.

ეს განცხადება თავდაცვის სამინისტროს პოლიტიკის შეცვლაზე მიანიშნებს, რომელიც ადრე არ ავრცელებდა ინფორმაციას ავღანეთში მომხდარი იმ ინციდენტების თაობაზე, რომლის დროსაც ქართველი სამხედროები დაზიანებებს იღებდნენ. ცოტა ხნის წინ თავდაცვის უწყებამ 2010–2012 წლებში ავღანეთში დაჭრილი ქართველი სამხედროების მთლიანი რაოდენობა გაასაჯაროვა, რაც 93–ს შეადგენს.

საქართველომ ავღანეთში სულ 19 ჯარისკაცი დაკარგა, მათგან რვა 2012 წელს დაიღუპა.

საქართველო ნატოს ISAF-ის მისიას 2009 წლის ნოემბერში შეუერთდა განათავსა რა დაახლოებით 170 ჯარისკაცი ქაბულში. 2010 წლის აპრილში საქართველომ თავისი მონაწილეობა გაზარდა ჰელმანდის პროვინციაში ბატალიონის გაგზავნით, ხოლო 2012 წლის ოქტომბერში თითქმის გააორმაგა ავღანეთში თავისი კონტიგენტი ჰელმანდში კიდევ ერთი ბატალიონის დამატებით, რითაც  მისიაში მონაწილე ქართველ ჯარისკაცთა რაოდენობამ 1 560-ს გადააჭარბა.

საქართველო, ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობით, სარეაბილიტაციო ცენტრის გახსნას გეგმავს, სადაც დაჭრილ ჯარისკაცებზე იზრუნებენ. აშშ–ის შეიარაღებული ძალების ევროპული სარდლობის წევრებმა დაგეგმილი ცენტრის შენობა 23 იანვარს მოინახულეს.

„აშშ–ის მთავრობა მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან, რათა შეიქმნას კიდურებდაკარგულ პაციენტებზე ზრუნვის ცენტრი. აშშ–ის მთავრობა მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს დაშავებულ ჯარისკაცებზე ზრუნვას“, – განაცხადა აშშ–ის საელჩომ თბილისში 23 იანვარს, „ავღანეთის უსაფრთხოების საერთაშორისო ოპერაციაში საქართველოს უმნიშვნელოვანესი წვლილი შეუფასებელია. ავღანეთში სამხედრო მოვალეობის შესრულებისას დაღუპული ქართველი ჯარისკაცები საქართველოს მიერ გაღებული უდიდესი მსხვერპლია. ვგლოვობთ თითოეულ დაღუპულს და პატივს მივაგებთ დაშავებულ ჯარისკაცებს. აშშ ჯარისკაცებს არასოდეს ივიწყებს“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button