ახალი ამბები

საქართველოს პატრიარქი მოსკოვში პუტინს შეხვდა


საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქთან კირილთან ერთად ხვდება მოსკოვში 23 იანვარს. ფოტო: რუსეთის პრეზიდენტის პრესსამსახური.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 23 იანვარს მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მიიღო, იტყობინება კრემლი.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი.

ვლადიმერ პუტინმა საქართველოს პატრიარქს საიუბილეო თარიღები და ასევე რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მართლმადიდებელ ხალხთა ერთობის საერთაშორისო ფონდის ჯილდო, რომელიც ილია მეორეს მოსკოვში ვიზიტის ფარგლებში გადასცეს, პირადად მიულოცა.

„განსაკუთრებული მადლიერება მინდა გამოვხატო თქვენს მიმართ იმისათვის, რომ დღევანდელ რთულ პირობებში (რთულში ვგულისხმობ რუსეთსა და საქართველოს შორის არცთუ ადვილ სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებს), აკეთებთ ყველაფერ შესაძლებელს, რათა ხელი შეუწყოთ ჰუმანიტარულ, სასულიერო, კულტურულ კონტაქტებს ჩვენს ორ მოძმე ერს შორის, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე მინდა ვთქვა ეს სიტყვები“, – განუცხადა პუტინმა ილია მეორეს, „ძალიან დიდი მადლობა. ძალიან მიხარია თქვენი ხილვა მოსკოვში“.

თავის მხრივ საქართველოს პატრიარქმა განაცხადა, რომ "გულითადად" მიესალმება რუსეთის პრეზიდენტს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სახელით. 

„მინდა გადმოგცეთ დიდი მოკითხვა ჩვენი ახალი პრემიერ-მინისტრისგან. ის გააკეთებს ყველაფერ აუცილებელს და შესაძლებელს, რათა დაალაგოს ურთიერთობები ყველასთან“, – განაცხადა ილია მეორემ შეხვედრის დასაწყისში.

„ვფიქრობ, რომ ის პრობლემები, რომელიც არსებობს ჩვენს შორის, მოიხსნება და ჩვენ ისევ ვიქნებით ძმები“, – აღნიშნა საქართველოს პატრიარქმა. 

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button