
საქართველოს პატრიარქი მოსკოვში პუტინს შეხვდება
საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე 23 იანვარს მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შეხვდება, განაცხადა საქართველოს საპატრიარქომ.
ილია მეორე, რომელიც მოსკოვში კვირას გაემგზავრა, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მართლმადიდებელ ხალხთა ერთობის საერთაშორისო ფონდის ჯილდოს მიიღებს.
მართლმადიდებელ ხალხთა ერთობის საერთაშორისო ფონდი ყოველწლიურად აჯილდოვებს პოლიტიკურ და რელიგიურ ლიდერებს, ასევე საზოგადო მოღვაწეებს „მართლმადიდებელი ქრისტიანი ერების ერთობის გაძლიერების“ საქმეში შეტანილი წვლილისთვის.
დაჯილდოების ცერემონია 21 იანვარს მოსკოვის მაცხოვრის ტაძარში გაიმართება.
საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენელმა, დეკანოზმა გიორგი ზვიადაძემ განუცხადა ჟურნალისტებს კვირას, დელეგაციის მოსკოვში გამგზავრებამდე, რომ საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის და რუსეთის პატრიარქის შეხვედრა პრეზიდენტ პუტინთან 23 იანვარს გაიმართება.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს მისი აღსაყდრებიდან 35 წლისთავი, ასევე 80 წლის იუბილე მიულოცა და მისთვის გაგზავნილ წერილში განაცხადა, რომ ღრმად აფასებს მის „თბილ ურთიერთობებს“ რუსეთთან.
„თქვენი მრავალწლიანი საპასუხისმგებლო მისია საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის – ქრისტიანული მსოფლიოს ერთ-ერთი ძირძველი მართლმადიდებლური ეკლესიის – წინამძღვრად წარმოადგენს თავდადებული სასულიერო მსახურების მაგალითს“, – ნათქვამია პუტინის მისალოც წერილში, „ეკლესიისა და სამშობლოსათვის დაუღალავი შრომის წლებში თქვენ ფასდაუდებელი წვლილი შეიტანეთ საქართველოში მართლმადიდებლობის გაძლიერებაში, ქართულ საზოგადოებაში მარადიული ზნეობრივი ფასეულობების დამკვიდრებაში“.
„ღრმად ვაფასებთ რუსეთთან, რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიასთან თქვენს თბილ ურთიერთობებს. თქვენი პირადი ძალისხმევა, მოწოდებები მშვიდობისკენ, სიყვარულისკენ, შემოქმედებითობისკენ, თანხმობისა და ერთობისკენ დიდად უწყობდა ხელს მეგობრობისა და ურთიერთგაგების მრავალსაუკუნოვანი კავშირების შენარჩუნებას ჩვენს ერებს შორის ისტორიის რთულ ეტაპებზე", – ნათქვამია პუტინის წერილში. „დარწმუნებული ვარ, რომ ნაყოფიერი სასულიერო, კულტურული, ჰუმანიტარული დიალოგი საიმედო საფუძველი გახდება რუსეთსა და საქართველოს შორის შემდგომი ურთიერთობების განვითარებისთვის“.
პუტინის წერილი ილია მეორეს რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა საერთაშორისო კულტურული ურთიერთობების საკითხებში მიხეილ შვიდკოიმ 11 იანვარს გადასცა, რომელიც თბილისში პატრიარქის საიუბილეო ღონისძიებებს დაესწრო სხვა უცხოელ სტუმრებთან ერთად.
This post is also available in: English Русский