skip to content
ახალი ამბები

სემეკის თავმჯდომარეს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ედება ბრალი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 18 იანვარს დაპატიმრების გარეშე ბრალი წაუყენა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარეს გურამ ჩალაგაშვილს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 3 000 ლარიანი გირაო შეუფარდა ჩალაგაშვილს, ნაცვლად 10 000 ლარიანი გირაოსი, რასაც პროკურატურა ითხოვდა, განაცხადა ჩალაგაშვილის ადვოკატმა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 18 იანვარს გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, გამოძიებამ დაადგინა, რომ გურამ ჩალაგაშვილი, 2013 წლის 12 იანვარს, წყალტუბოს რაიონის სოფელ ქვიტირში, რესტორან „ამირანიდან" დაუკავშირდა "ენერგო პრო ჯორჯიას" დასავლეთ საქართველოს ცენტრალური ფილიალის დირექტორს დავით მურადაშვილს, რომელსაც რესტორანში ელექტროენერგიის გათიშვა დაავალა.  მურადაშვილი, თავის მხრივ,  ტექნიკურ მენეჯერს ლევან კუპრავას დაუკავშირდა და ზემდგომის დავალება გადასცა. მორიგე ელექტროტექნიკოსმა, ხელმძღვანელობის დავალებით, რესტორან "ამირანისა" და მის მიმდებარედ  განთავსებული სხვადასხვა ობიექტების ელექტროენერგიის გამანაწილებელი გამორთო, რის გამოც, ქუთაისში, ასობით ოჯახს და ათამდე კერძო კომპანიას ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.

ჩალაგაშვილმა ბრალდებებს „აბსურდული“ უწოდა და განაცხადა, რომ მან სთხოვა ადგილობრივ გამანაწილებელ კომპანიას დროებით შეეწყვიტა ელექტროენერგიის მიწოდება, ვინაიდან მოკლე ჩართვის საშიშროება არსებობდა.

მან ასევე განაცხადა, რომ პროკურატურამ ასევე წარადგინა შუამდგომლობა, სადაც სასამართლოს მისთვის უფლებამოსილების შეჩერებას სთხოვს; სასამართლო ამ შუამდგომლობას დღესვე მოგვიანებით განიხილავს.

„ეს არის აბსურდი და პოლიტიკური დაკვეთა და ამ გზით ცდილობენ დღეს, რომ რაღაც კონტროლი განახორციელონ კომისიაზე“, – განუცხადა ჩალაგაშვილმა ჟურნალისტებს ქუთაისში 19 იანვარს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button