
ნაციონალური მოძრაობა აკრიტიკებს ივანიშვილის განცხადებას ნატოსა და რუსეთთან ურთიერთობებზე
პრეზიდენტ სააკაშვილის ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა გააკრიტიკეს და საგარეო კურსის შესაძლო ცვლილების „საგანგაშო“ სიგნალი უწოდეს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებას იმის თაობაზე, რომ სომხეთი საქართველოსთვის კარგი მაგალითია ერთდროულად ნორმალური ურთიერთობები იქონიოს ნატოსთან და რუსეთთან.
“მიუხედავად იმისა, რომ სომხეთი ჩვენი მეგობარი ქვეყანაა და მე პატივს ვცემ მათ არჩევანს, სომხური გზა, სომხეთის ურთიერთობა რუსეთთან და ნატოსთან მიმართებაში ვერ გამოდგება და ეწინააღმდეგება საქართველოს სახელმწიფოებრივ ინტერესებს”, – განაცხადა ნაციონალური მოძრაობის გენერალურმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმა.
მისი ეს კომენტარი მოყვა ივანიშვილის განცხადებას, რომელიც მან 17 იანვარს სომხეთში ვიზიტის დროს რადიო „თავისუფლების" სომხურ რედაქციასთან ინტერვიუში გააკეთა მას შემდეგ, რაც მას ჰკითხეს შეიცვლებოდა თუ არა საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები. ივანიშვილმა განაცხადა, რომ საქართველო საგარეო კურსს “უახლოეს მომავალში“ არ შეცვლის და დასძინა, რომ ნატოსთან და რუსეთთან კარგი ურთიერთობების შესაძლებელია და მან ამის მაგალითად სომხეთი მოიყვანა.
დეპუტატმა ნაციონალური მოძრაობიდან გოკა გაბაშვილმა განაცხადა, რომ სომხეთი, რომელიც რუსეთის ინიციატივით შექმნილი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრია და რომელიც თანამშრომლობს ნატოსთან, თუმცა არ ცდილობს მის წევრობას, ვერ იქნება საქართველოს საგარეო პოლიტიკის მოდელი.
„ეს იქნება 180 გრადუსით საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილება“, – განაცხადა მან, „ეს არის ძალიან საგანგაშო და სახიფათო საქართველოსთვის“.
კიდევ ერთმა დეპუტატმა ნაციონალური მოძრაობიდან დავით დარჩიაშვილმა განაცხადა, რომ ახალ მთავრობას ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ „ამაზე უფრო სკანდალური და საგანგაშო“ არაფერი უთქვამს.
„თუკი ეს არის გამოცდილების არქონა, ეს ერთი დონეა განგაშის ნიადაგისთვის“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განმარტა, რომ „ერთადერთი, რაც პრემიერმა თქვა არის ის, რომ სასურველია, რომ ჩვენც გვქონდეს ყველასთან კარგი ურთიერთობა“.
„მე ვეთანხმები იმ კურსს, რომ საქართველო უნდა ეცადოს, რომ აბსოლუტურად ყველასთან ჰქონდეს კარგი ურთიერთობა“, – განაცხადა ფანჯიკიძემ, „მე მგონი, ამას ცდილობს ყველა ნორმალური ქვეყანა და ძალიან ბევრი ქვეყანა ამას აღწევს“.
This post is also available in: English Русский