
პრეზიდენტი რამდენიმე ელჩს გამოიწვევს
პრეზიდენტმა სააკაშვილმა მთელი რიგი ქვეყნებიდან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩების გამოწვევის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო, განაცხადა მისმა ადმინისტრაციამ 4 იანვარს.
მანამდე 4 იანვარს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ საგარეო უწყებას რამდენიმე ელჩის შეცვლა სურს; მისი თქმით, ზოგიერთი ელჩი როტაციის ფარგლებში შეიცვლება, თუმცა კიდევ არის სულ ცოტა ცხრა ელჩი, რომელთაც საგარეო საქმეთა სამინისტრო პრეზიდენტ სააკაშვილის ნაციონალური მოძრაობის ვიწრო პარტიული ინტერესების გატარებაში ადანაშაულებს.
ელჩის თანამდებობიდან გათავისუფლების ექსკლუზიური უფლებამოსილება პრეზიდენტს აქვს მინიჭებული. მას შესაბამისი რეკომენდაციით შეუძლია საგარეო საქმეთა მინისტრმა მიმართოს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ სამსახურეობრივ მოვალეობას აღარ შეასრულებენ ის ელჩები, რომლებმაც საკუთარი გადაწყვეტილებით დატოვეს თანამდებობები და ისინი, ვისაც როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადა ეწურებათ.
ამავე განცხადების თანახმად, პრეზიდენტმა ასევე გამოიწვია ის დიპლომატები, რომელთა შესახებაც შესაბამისი გადაწყვეტილება „მთავრობასთან კონსულტაციის საფუძველზე იქნა მიღებული“.
„ამას გარდა, პრეზიდენტმა საფრანგეთში საქართველოს ელჩის ვაკანტურ თანამდებობაზე მთავრობის მიერ შეთავაზებული კანდიდატურა წარადგინა“, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში, სადაც არ არის დაკონკრეტებული კანდიდატურის ვინაობა.
დაკონკრეტებაზე საგარეო საქმეთა სამინისტრომაც უარი თქვა, თუმცა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკანიანმა დაადასტურა მედიით გავრცელებული ინფორმაცია, რომ ერთ–ერთ შესაძლო კანდიდატურად საფრანგეთში ელჩის პოსტზე ეკატერინე სირაძე–დელონე განიხილება. იგი 2007–2011 წლებში სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი იყო.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)