ახალი ამბები

ივანიშვილის საახალწლო მიმართვა

1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ხელისუფლების მშვიდობიანი და დემოკრატიული გადაცემის შემდეგ „უფრო რთული ეტაპი“ ახლა იწყება, განაცხადა პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა თავის საახალწლო მიმართვაში.

თავის ხუთწუთიან ვიდეო მიმართვაში ივანიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში კანონის უზენაესობის დამკვიდრება დაიწყო.

„გამარჯვების შემდეგ კი ყოველი ჩვენთაგანის ვალია, ღირსეულად მოვექცეთ მათ, ვინც ნებით თუ უნებლიეთ ემსახურებოდა სიცრუესა და ძალადობას. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მათაც შეძლონ საზოგადოებაში ღირსეული ადგილის მოპოვება“.

„იწყება ახალი, უფრო რთული, მაგრამ ამავე დროს ძალიან საინტერესო ეტაპი ჩვენი ქვეყნის თავისუფლების, დემოკრატიისა და აღმშენებლობის გზით განვითარებისათვის“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა.

„საქართველო აუცილებლად გახდება ასეთი სახელმწიფო, გახდება ევროკავშირისა და ნატოს წევრი და მომავალი წელიც იქნება ამ მიზნებთან მნიშვნელოვნად დაახლოების წელი“, – განაცხადა მან.

მან ასევე განაცხადა, რომ „ორ თვეზე ცოტა მეტია გასული, რაც მუშაობა დაიწყო ახალმა პარლამენტმა და ჩამოაყალიბა ახალი მთავრობა. დამეთანხმებით, ეს არც თუ ისე დიდი დროა, მაგრამ ქვეყანაში დაიწყო ყველაზე მთავარი – კანონის უზენაესობის დამკვიდრება, პოლიტიკური ანგარიშსწორებისა და სამართლის შერჩევითად გამოყენების სანაცვლოდ“.

„ამ მოკლე დროში ჩვენმა ხელისუფლებამ საზოგადოებას აჩვენა მთავარი პრიორიტეტები სოციალურად სამართლიანი სახელმწიფოს ჩამოყალიბებისაკენ. ჩვენ ისე დავგეგმეთ 2013 წლის ბიუჯეტი, რომ იგი მთლიანად ხალხზე ორიენტირებული გახდა“, – განაცხადა ივანიშვილმა.

„საქართველო უნდა გახდეს საინვესტიციოდ საინტერესო ქვეყანა“, – განაცხადა მან, „სამოქალაქო სექტორის გაძლიერება კი გარანატი უნდა გახდეს იმისა, რომ საქართველო არასოდეს აღარ დაუბრუნდება ძალადობისა და შიშის ეპოქას“.

„ერთად დგომით, თანამშრომლობით, მიმტევებლობით უნდა ავაშენოთ ჩვენი შვილების საამაყო ქვეყანა“, – განაცხადა მან.

პრემიერ–მინისტრმა ასევე მიულოცა ახალი წელი „ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს“ და განაცხადა: „მჯერა, რომ ჩვენ მოვძებნით ერთმანეთის გულებისკენ მიმავალ გზებს, აღვადგენთ ურთიერთობებს და საერთო მომავალზე ერთად ვიზრუნებთ“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button