
საზოგადოებრივ მაუწყებელს ევროატლანტიკური კურსის პოპულარიზაცია დაევალა
საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებული იქნება, რომ საქართველოს ევროატლანტიკურ კურსს პოპულარიზაცია გაუწიოს და ასევე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული მოვლენების შესახებ აუდიტორიის დროული და სრულყოფილი ინფორმირება უზრუნველყოს.
შესაბამისი ცვლილებები მაუწყებლობის შესახებ კანონში პარლამენტმა მესამე და საბოლოო მოსმენით 26 დეკემბერს 94 ხმით, ერთხმად დაამტკიცა.
ქვეყნის ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის პოპულარიაზაცია, იმასთან ერთად, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის პროგრამულ პრიორიტეტებში აისახება, იმითაც მოხდება, რომ ამ შინაარსის სოციალურ რეკლამას სამ საათში არანაკლებ 10 წამი დაეთმობა, ნათქვამია კანონპროექტში.
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ვიქტორ დოლიძემ, რომლის კომიტეტიც არის კანონპროექტის ინიციატორი, დეპუტატებს განუცხადა, რომ ცვლილებების მიზანია საზოგადოება დეტალურად იყოს ინფორმირებული ყველა იმ ნაბიჯზე, რომელსაც ხელისუფლება ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით გადადგამს, მათ შორის ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულებაზე, ასევე სავიზო ლიბერალიზაციაზე და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესში.
ახალი ვალდებულებების დაკისრებამდე, საზოგადოებრივ მაუწყებელს მსგავსი ვალდებულება ჰქონდა დაკანონებული ეროვნული უმცირესობების საკითხების გაშუქების კუთხითაც.