skip to content
ახალი ამბები

ნაციონალური მოძრაობა კიდევ ერთმა დეპუტატმა დატოვა

ქედას მაჟორიტარმა დეპუტატმა იაშა შერვაშიძემ ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო უმცირესობა დატოვა და მეცხრე დეპუტატი გახდა, რომელმაც ამგვარი ნაბიჯი ახალი პარლამენტის არჩევის შემდეგ გადადგა. 

ამჟამად საპარლამენტო უმცირესობის რიგებში 56 დეპუტატი რჩება იმ 65 დეპუტატიდან, რომლებიც პრეზიდენტ სააკაშვილის პარტიამ 1 ოქტომბრის არჩევნების შედეგად პარლამენტში გაიყვანა.

იაშა შერვაშიძეს, რომელიც წინა მოწვევის პარლამენტშიც ქედის რაიონის მაჟორიტარი იყო ნაციონალური მოძრაობიდან და მეორე დეპუტატია, ვინც ნაციონალური მოძრაობის უმცირესობა ბოლო ერთ კვირაში დატოვა, მისი გადაწყვეტილების მიზეზების ან გეგმების შესახებ საჯაროდ არ განუცხადებია. ის უმცირესობაში შემავალი ფრაქციის "ნაციონალური მოძრაობა – მაჟორიტარების“ წევრი იყო, რომელშიც ამჟამად ექვსი დეპუტატი – ფრაქციის არსებობისთვის საჭირო დეპუტატთა მინიმალური რაოდენობა დარჩა.

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობაში ოფიციალურად ამჟამად 83 დეპუტატია გაერთიანებული, მათ შორის ერთი ყოფილი „ნაციონალია“. უმრავლესობის გადაწყვეტილებების პოტენციურ მხარდამჭერებს შორის არიან ასევე ნაციონალური მოძრაობიდან წამოსული ექვსი მაჟორიტარი, რომლებმაც ცალკე დამოუკიდებელი ფრაქცია შექმნეს და კიდევ ორი დეპუტატი.

ამდენად, „ქართულ ოცნებას“ აქვს შანსი, რომ მისი გადაწვეტილებების სასარგებლოდ 91 დეპუტატის მხარდაჭერა მიიღოს, რაც საკმარისია პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად, რასაც სულ ცოტა 89 დეპუტატის ხმა სჭირდება, თუმცა 9 დეპუტატის ხმა აკლდება 100 ხმის მოსაგროვებლად, რომელიც კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას ესაჭიროება.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button