
ივანიშვილი: ელექტროენერგიის ტარიფი მოსახლეობის დაახლოებით 90%-ს შეუმცირდება
ელექტროენერგიის ტარიფი 3.54 თეთრით შეუმცირდებათ იმ მომხმარებლებს, რომლებიც 100 კვტ/სთ-ზე ნაკლებს ან 101 კვტ-დან 300 კვტ-ის ჩათვლით მოიხმარენ დენს ყოველთვიურად, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა 24 დეკემბერს.
ელექტროენერგიაზე საქართველოში სამსაფეხურიანი სატარიფო სისტემა მოქმედებს და მათი ოდენობა განსხვავებულია დედაქალაქის და რეგიონების მომხმარებლებისთვის.
ენერგეტიკის სამინისტროში Civil.ge-ს განუცხადეს, რომ იანვრიდან თბილისის ის მაცხოვრებლები, ვინც 100 კვტ/სთ ელექტროენერგიაზე ნაკლებს მოიხმარენ 13.48 თეთრის ნაცვლად გადაიხდიან 9.94 თეთრს; 101 კვტ-დან 300 კვტ-ის ჩათვლით არსებული ტარიფი 16 თეთრიდან 12.46 თეთრამდე შემცირდება, ხოლო 301 კვტ–ს ზევით არსებული ტარიფი არ დაიკლებს და ის კვლავაც 17.69 თეთრი იქნება. ეს იმას ნიშნავს, რომ საწარმოებს, რომლებიც დიდი რაოდენობით ელექტროენერგიას მოიხმარენ, ტარიფი არ შეუმცირდებათ.
რეგიონების მოსახლეობა 100 კვტ/სთ მოხმარებულ დენზე 12.98 თეთრის ნაცვლად გადაიხდის 9.44 თეთრს, 101-დან 300 კვტ-მდე 16.52 თეთრის ნაცვლად 12.98 თეთრს, ხოლო 300 კვტ-ს ზევით ტარიფი კვლავაც 17.49 თეთრიან ნიშნულზე შენარჩუნდება, განაცხადეს ენერგეტიკის სამინიტროში.
ტარიფების შემცირებაზე გადაწყვეტილება ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულიმა კომისიამ უნდა მიიღოს.
„პირველი და მეორე ჯგუფის – 100 და 300 კილოვატამდე მოვახერხეთ შემცირება – ეს 90% მოსახლეობას ეხება, დაახლოებით; 3.54 თეთრით, ეს არის, დაახლოებით, 27%-ზე მეტი პირველი ჯგუფის და მეორეზე 21.5%-ია, დაახლოებით, შემცირება“, – განაცხადა ივანიშვილმა პრესკონფერენციაზე.
„ეს ძალიან დიდ შეღავათებს მისცემს საქართველოს მოსახლეობას“, – განაცხადა მან და ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე ამ კუთხით „ძალიან კარგი“ მუშაობის გამო შეაქო.
პრემიერ-მინისტრმა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ბუნებრივი აირის ტარიფის შემცირებასთან დაკავშირებით მუშაობა გრძელდება და მას კონკრეტული განცხადების გაკეთება 26 დეკემბერს ბაქოში დაგეგმილი ვიზიტის შემდეგ შეეძლება, რომლის ფარგლებშიც, ის „გაზის ფასის შემცირებაზე საუბარს“ აპირებს.
„დავაზუსტებთ და მოგახსენებთ რა საშუალებები გვაქვს გაზის ტარიფთან დაკავშირებით“, –
განუცხადა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს პრესკონფერენციაზე.
მან თავის წინა განცხადებაში აღნიშნა, რომ ტარიფები, როგორც ელექტროენერგიაზე, ისე გაზზე მინიმუმ 10%-ით შემცირდებოდა.
1 კუბურ მეტრ ბუნებრივ აირზე თბილისის მოსახლეობისთვის ამჟამად ტარიფი 50.62 თეთრს შეადგენს, ხოლო რეგიონებში ტარიფის ოდენობა 49-დან 55 თეთრამდე მერყეობს.