
გვარამიას, ხეთაგურს და დანარჩენ ოთხ პირს სასამართლომ გირაო შეუფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია და ფინანსთა და ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური 30-30 ათასი ლარის ოდენობით გირაოს გადახდის შემდეგ გათავისუფლდებიან.
სავარაუდო კორუფციის ბრალდებით 19 დეკემბერს ამავე საქმეზე დაკავებულ კომპანია „თელასის“ გენერალურ დირექტორს დევი კანდელაკს და ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს კახა დამენიას გირაოს სახით ასევე 30 ათასი ლარის გადახდა დაეკისრათ თითოეულს, ხოლო გიორგი ნემისწვერიძე და იზაბელა გუტიძე 15–15 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდებიან.
ექვსივე პირს პროკურატურამ „ელიტური კორუფციის“ საქმესთან დაკავშირებით ბრალი 21 დეკემბერს წაუყენა.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე სასამართლოსგან დაკავებული ხუთი პირისთვის აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობას, ხოლო იზაბელა გუტიძისთვის გირაოს სახით 50 ათასი ლარის დაკისრებას ითხოვდა, თუმცა პროკურატურის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)