
სააკაშვილი: ‘მე ვითხოვ თავისუფალი ტელევიზიის დირექტორის დაუყონებლივ გათავისუფლებას’
ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია „ძალიან საეჭვო ბრალდებებით“ დააკავეს და ის დაუყონებლივ უნდა გათავისუფლდეს, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა ოთხშაბათს.
„მე ძალიან კარგად ვიცი, რომ ამ ტელევიზიის მფლობელებზე ხორციელდებოდა ზეწოლა, ეს ტელევიზიითაც გაცხადდა, ეს არ არის ჩემი მოგონილი. მფლობელებს ვერაფერი ვერ უპოვეს და ვერც უპოვიდნენ და ახლა დირექტორი დააკავეს ასევე სრულიად ყალბი ბრალდებით“, – განაცხადა მან.
„ძალიან ჩქარა დამთავრდება და ძალიან ცუდად იმათთვის ვინც ამას აკეთებს ყველაფერი. მე მინდა ისინი გავაფრთხილო“, – განაცხადა სააკაშვილმა.
„საქართველოში ვერავინ ვერ დაამყარებს იმ რეჟიმს, რომელსაც ისინი ესწრაფიან. ძალიან ახლო არიან ძალიან სახიფათო ზღვართან“, – განაცხადა მან. „ამას ვამბობ როგორც პრეზიდენტი და როგორც ამ ქვეყნის მოაქალაქე“.
„მე ვითხოვ დაუყონებლივ განთავისუფლებას თავისუფალი ტელევიზიის დირექტორის“, – განაცხადა მან.
„მინდა გამოვთქვა არამხოლოდ იმედი, არამედ ზუსტი რწმენა, რომ ყველაფერი დამთავრდება ძალიან კარგად და ბევრად უფრო ჩქარა, ვიდრე მათ ჰგონიათ“, – დასძინა სააკაშვილმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)