ახალი ამბები

დეპუტატები სახელმწიფო დაცვის სამსახურის პრეზიდენტიდან მთავრობის დაქვემდებარებაში გადაცემის საკითხს განიხილავენ

პარლამენტმა 18 დეკემბერს განიხილა „ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებული კანონპროექტი, რომელიც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის პრეზიდენტის დაქვემდებარებიდან მთავრობის დაქვემდებარებაში გადასვლას ითვალისწინებს.

სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს, რომლის წლიური ბიუჯეტიც 47 მილიონ ლარს შეადგენს და რომელიც ამჟამად პრეზიდენტის მიერ კონტროლდება, მაღალი რანგის ოფიციალური პირების, ასევე სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების უსაფრთხოების დაცვა ევალება.

პარლამენტის მიერ ინიციატივის დამტკიცების შემთხვევაში, სტრუქტურა მთავრობას დაექვემდებარება და პრეზიდენტ სააკაშვილის ნაცვლად, პრემიერ–მინისტრ ბიძინა ივანიშვილს მიეცემა უფლება სამსახურის ხელმძღვანელი დანიშნოს ან გაათავისუფლოს თანამდებობიდან. ამჟამად დაცვის სამსახურის უფროსი არის თემურ ჯანაშია, რომელიც პრეზიდენტ სააკაშვილის დაცვის უფროსი იყო, ხოლო შემდეგ პრეზიდენტის ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა.

დეპუტატებმა ნაციონალური მოძრაობიდან ინიციატივას კოალიცია „ქართული ოცნების“ და მისი ლიდერის, პრემიერ–მინისტრ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ნაბიჯი უწოდეს, რომელიც მათი თქმით, მიზნად ისახავს რაც შეიძლება მეტი ძალაუფლების მოპოვებას ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ.

დეპუტატმა ნაციონალური მოძრაობიდან პავლე კუბლაშვილმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნებისთვის“ თანაარსებობა ნიშნავს რომელიმე სტრუქტურის ერთი ინსტიტუტის დაქვემდებარებიდან მეორესთვის გადაცემას. მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ვერ ითმენს, რომ დაელოდოს ახალი საკონსტიტუციო დებულებების ამოქმედებას 2013 წლის ბოლოსთვის, როდესაც პრემიერ–მინისტრის უფლებამოსილებები მნიშვნელოვნად გაიზრდება პრეზიდენტის ძალაუფლების შეკვეცის ხარჯზე.

დეპუტატმა ნაციონალური მოძრაობიდან, გოკა გაბაშვილმა ამ ინიციატივას „არაკონსტიტუციური“ უწოდა, რადგანაც, დამტკიცების შემთხვევაში, მისი თქმით, მთავრობა განახორციელებს კონტროლს ისეთ უწყებაზე, რასაც კანონი მთავრობის სტრუქტურის შესახებ არ ითვალისწინებს.  

„ქართული ოცნების“ დეპუტატებმა განაცხადეს, რომ ეს გადაწყვეტილება მიზნად ისახავს უსაფრთხოების სტრუქტურების უკეთეს მართვას, კონტროლს და კოორდინაციას, ასევე პარლამენტის მიერ დაცვის სამსახურზე კონტროლის ბერკეტების მოპოვებას.

განხილვების დროს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა იმ ბრალდებაზე მიანიშნა, რომლის თანახმადაც პრეზიდენტი სააკაშვილი, სავარაუდოდ, 50 000 ლარს იყენებს ყოველდღიურად დაცვის სამსახურის ბიუჯეტიდან იმ მიზნით, რასაც არაფერი აქვს საერთო უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან; მან დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა.

1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებიდან ოთხ დღეში და ახალი მთავრობის დამტკიცებამდე სამი კვირით ადრე პრეზიდენტმა სააკაშვილმა განკარგულება გამოსცა, რომლის თანახმადაც სახელისუფლებო სპეციალური კავშირების სააგენტო შსს–ს დაქვემდებარებიდან სახელმწიფო დაცვის სამსახურის დაქვემდებარებაში გადავიდა. სახელისუფლებო სპეციალური კავშირების სისტემა არის სპეციალური საკომუნიკაციო და სხვა ტექნიკური საშუალებებით კავშირების ერთიანი დახურული ქსელი, რომელიც უსაფრთხო კომუნიკაციას უზრუნველყოფს მაღალჩინოსნებისთვის, მათ შორის პრეზიდენტისთვის, პარლამენტის თავმჯდომარისთვის, ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრებისა და სხვა ოფიციალური პირებისთვის.

ასევე 5 ოქტომბერს პრეზიდენტმა სააკაშვილმა კიდევ ერთი ბრძანებულება გამოსცა, რომლითაც სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტო ასევე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დაქვემდებარებაში გადავიდა. მანამდე სააგენტო ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს ექვემდებარებოდა. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button