ახალი ამბები

პარლამენტმა 2012 წლის ბიუჯეტში ცვლილებები დაამტკიცა

პარლამენტმა მხარი დაუჭირა ცვლილებებს 2012 წლის ბიუჯეტში, რომლის განხორციელების ძირითადი მიზანიც, როგორც ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა პლენარულ სხდომაზე საკითხის განხილვისას დეპუტატებს განუცხადა, „უკვე გაწეული ხარჯების და გადახარჯვების გასწორება“ იყო.

ცვლილებების თანახმად, ბიუჯეტის შემოსავლები 7.158 მლრდ ლარამდე, ხოლო ხარჯები 6.882 მლრდ ლარამდე იზრდება, აქამდე არსებული,  7.053 მლრდ და 6.783 მლრდ ლარიდან, შესაბამისად.

ამასთან ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი დაგეგმილი 5%-დან ცვლილებების შედეგად 7%-მდე გაიზარდა, რაც ხადურის თქმით, განაპირობა ინფლაციის პროგნოზირებადზე დაბალმა დონემ და არა საგადასახადო შემოსავლების მატებამ, რომლის მოცულობაც ცვლილებების შედეგად იგივე დარჩა.

მართალია საგადასახადო შემოსავლების ჯამური ოდენობა კვლავაც 6.3 მლრდ ლარზე  შენარჩუნდება, მაგრამ იცვლება ცალკეული კონკრეტული გადასახადებიდან საპროგნოზო მაჩვენებლები. საშემოსავლო გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი გაიზარდა 26 მლნ ლარით და განისაზღვრება 1.6 მლრდ ლარით; მოგების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი შემცირდა 56 მლნ ლარით და განისაზღვრა 844 მლნ ლარით; დამატებითი ღირებულების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი გაიზრდა 56 ლარით და განისაზღვრა 3 მლრდ ლარით; იმპორტის გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი შემცირდა 10 მლნ ლარით და განისაზღვრა 90 მლნ ლარით; აქციზის საპროგნოზო მაჩვენებელი უცვლელი რჩება 644 მლნ ლარზე. სხვა გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი მცირდება 16 მლნ ლარით და განისაზღვრება 29 მლნ ლარით.

არსებული 20 სამინისტროდან უმეტესობას დაფინანსება ეზრდება, სამს (რეგიონული განვითარების, ფინანსთა და საგარეო საქმეთა სამინისტროებს) უმცირდება, ხოლო ოთხივე სახელმწიფო მინისტრის აპარატის დაფინანსება უცვლელი რჩება.

ქვემოთ მოცემულია იმ სამინისტროთა ჩამონათვალი, რომელთაც ცვლილებები შეეხო:

  • შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო– 1.821 მლრდ ლარი (ცვლილებამდე – 1.809 მლრდ ლარი);
  • თავდაცვის სამინისტრო – 730.6  მლნ ლარი (ცვლილებამდე – 676.5 მლნ ლარი; 2011 წ – 711 მლნ ლარი; 2010 წ – 728 მლნ ლარი);
  • შინაგან საქმეთა სამინისტრო – 587.8  მლნ ლარი (ცვლილებამდე – 585 მლნ ლარი; 2011 წ – 568 მლნ ლარი; 2010 წ – 549.2 მლნ ლარი);
  • რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო – 717.1 მლნ ლარი (ცვლილებამდე – 982 მლნ ლარი);
  • განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო – 625.7 მლნ ლარი (ცვლილებამდე – 600.6 მლნ ლარი);
  • სოფლის მეურნეობის სამინისტრო – 229.9  მლნ ლარი (ცვლილებამდე – 148.9 მლნ ლარი);
  • ფინანსთა სამინისტრო  – 108.2  მლნ ლარი (ცვლილებამდე – 118.2 მლნ ლარი);
  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო – 145.4  მლნ ლარი (ცვლილებამდე – 134.2 მლნ ლარი);
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო  – 310.9 მლნ ლარი (ცვლილებამდე – 290.1 მლნ ლარი);
  • იუსტიციის სამინისტრო – 56.5  მლნ ლარი (ცვლილებამდე – 54.1 მლნ ლარი);
  • სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტრო – 128.3  მლნ ლარი  (ცვლილებამდე – 124.9 მლნ ლარი);
  • საგარეო საქმეთა სამინისტრო – 82.8  მლნ ლარი (ცვლილებამდე – 83.5 მლნ ლარი);
  • კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო –  93 მლნ ლარი (ცვლილებამდე – 92.7 მლნ ლარი);
  • სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო –  59.4  მლნ ლარი (ცვლილებამდე – 59 მლნ ლარი);
  • გარემოს დაცვის სამინისტრო – 19.3  მლნ ლარი (ცვლილებამდე – 23.8 მლნ ლარი);
  • ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო – 39.2 მლნ ლარი (ცვლილებამდე – 38.1 მლნ ლარი).

ფინანსთა მინისტრის განცხადებით, 52 მლნ ლარით თავდაცვის სამინისტროს დაფინანსების ზრდა, უკავშირდება ამ უწყებაში არსებული დეფიციტის შევსებას, ისევე როგორც „გადახარჯვის“ გამო გამოეყოთ დამატებითი თანხები ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროებს.

გაზაფხულზე განხორციელებული „გადახარჯვა“ დაასახელა ნოდარ ხადურმა ასევე მთავრობის კანცელარიის დამატებით 2.5 მლნ ლარით დაფინანსების მიზეზად.  მთავრობის კანცელარიის ბიუჯეტი 10 მლნ ლარს შეადგენდა. 20 მლნ ლარი ემატება ასევე მთავრობის სარეზერვო ფონდს, რომლის დაერთო მოცულობაც 70 მლნ ლარი გახდება.

2012 წელს 2 მლნ ლარს მიიღებს დამატებით საქართველოს პარლამენტი, რაც გათვალისწინებულია თბილისში პარლამენტის შენობის რეაბილიტაციისათვის. ახალი ხელისუფლება პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში დაბრუნებას გეგმავს საკონსტიტუციო ცვლილებების გზით, რომლის განხილვის სამართლებრივი პროცედურების დაწყებას პარლამენტმა დღეს დაუჭირა მხარი სპეციალური საკონსტიტუციო კომისიის შექმნის შესახებ გადაწყვეტილების მიღებით.  

წელსვე 3.7 მლნ ლარით მოაკლდება დაფინანსება ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატს, რომლის დაფინანსებაც 2012 წელს თავდაპირველად  24.7 მლნ ლარს შეადგენდა, ხოლო 2013 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, მომავალ წელს 1.8 მლნ ლარამდე შემცირდება. ახალი მთავრობა აცხადებს, რომ მისი ვარაუდით უშიშროების საბჭო თავისი ბიუჯეტის უდიდეს ნაწილს ლობისტურ საქმიანობას ახმარდა.

დამტკიცებული ცვლილებების შედეგად, 2012 წელს დაფინანსება 1.6 მლნ ლარით მოაკლდება ასევე რიჩარდ გ. ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევით ცენტრს, რომელიც ამ შემცირების შედეგად 1.188 მლნ ლარს მიიღებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. საბიუჯეტო ცვლილებების განხილვის დროს, ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ ეს ცვლილება შეთანხმებულია პროექტის პარტნიორ მხარესთან და ხაზი გაუსვა, რომ ეს არ შეუშლის ხელს ლაბორატორიის სრულყოფილ ფუნქციონირებას.

17 დეკემბერს დამტკიცებული ცვლილებები მეოთხეა 2012 წლის ბიუჯეტში აქამდე განხორციელებული სამი კორექტირების შემდეგ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button