
თავდაცვის სამინისტრო: თბილისში დიდი ოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი აღმოაჩინეს
თავდაცვის სამინისტროს ფოტო, სადაც ჩანს თბილისის ერთ–ერთ საცხოვრებელ სახლში 3 დეკემბერს აღმოჩენილი იარაღი.
თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ თბილისის ერთ–ერთ საცხოვრებელ სახლში „დიდი ოდენობით“ დაურეგისტრირებელი იარაღი იქნა აღმოჩენილი.
თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა ვაკო ავალიანმა განაცხადა, რომ საცხოვრებელი ბინიდან ავტომატური და პისტოლეტის ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის და შინაგან საქმეთა სამინისტროს ვაკე-საბურთალოს რაიონის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა 3 დეკემბერს ამოიღეს.
„იარაღის საცავის შესახებ დღეს დილით გახდა ცნობილი, როდესაც ამ მოქალაქემ, რომლის ბინაშიც ინახებოდა ეს შეიარაღება, თავდაცვის უწყებას მიმართა“, – განაცხადა ავალიანმა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამოღებულ იარაღს შორის არის Heckler & Koch–ის ფირმის სხვადასხვა ტიპის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღები.
ამოღებული იარაღის საერთო რაოდენობა, დაახლოებით, 100 ერთეულს შეადგენს, განაცხადა სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, ვიცე-პოლკოვნიკმა კახა ჩიხრაძემ.
თავდაცვის სამინისტრომ ვიდეოც გამოაქვეყნა, სადაც ჩანს როგორ ჩამოაქვთ პოლიციელებს იარაღი სახლის სხვენიდან.
თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ კონკრეტდება ბინის მისამართი და იმ მოქალაქის ვინაობა, რომელმაც სამინისტროს ინფორმაცია მიაწოდა.