skip to content
ახალი ამბები

გამომძიებლების მიერ მერაბიშვილის დაკითხვა დასრულდა

ნაციონალური მოძრაობის გენერალურმა მდივანმა და ყოფილმა პრემიერ–მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა შსს-ს საგამოძიეობო ნაწილში დაკითხვაზე დაახლოებით საათი და ორმოცდაათი წუთი დაჰყო.

დაკითხვიდან გამოსულმა მერაბიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა: „ძალიან სიმბოლურია ჩემი ყოფნა პოლიციაში. მე სიამაყით მევსება გული, როცა ვხედავ საქართველოს პატრულს და რა თქმა უნდა, დასანანია რომ დღეს პოლიცია, შინაგან საქმეთა სამინისტრო ივანიშვილის მიერ გამოიყენება, როგორც რეპრესიული მანქანა ოპოზიციური აზრის წინააღმდეგ.“

მერაბიშვილი დაკითხვაზე იყო დაბარებული იმ საქმესთან დაკავშირებით, რომელიც, შსს-ს ცნობით, ყოფილი პრემიერის მიერ 30 ნოემბერს „ყალბი დოკუმენტის გამოყენებისა და სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობას“ უკავშირდება.

დაკითხვიდან გამოსულმა მერაბიშვილმა, მოკლე განცხადების გაკეთების შემდეგ, ჟურნალისტების შეკითხვებს არ უპასუხა.

შსს-ს საგამოძიებო სამსახურთან მერაბიშვილის გამოსვლას ჟურნალისტებთან ერთად ელოდებოდა, ასევე, დაახლოებით, ათამდე ადამიანი, რომლებმაც მერაბიშვილი შეძახილებით „ვანო ციხეში“ და "მკვლელო" გააცილეს.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა წერილობით გავრცელებულ განცხადებაში იმედი გამოთქვა, რომ „სახელმწიფოს შესაბამისი პასუხისმგებელი პირები ამ აბსურდულ გამოძიებას ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ შეწყვეტენ.“

„თავისთავად ის იდეა, რომ ვანო მერაბიშვილი გამოიყენებდა ყალბ პასპორტს ასეთ ოფიციალურ ვიზიტზე გასამგზავრებლად იმდენად აბსურდულია, რომ ჩემთვის საერთოდ კომენტარის გაკეთებაც კი ძნელია ამ თემაზე“, – განაცხადა სააკაშვილმა. „ის, რომ  ვანო მერაბიშვილი, რომელსაც მთელი საქართველო იცნობს, შეეცდებოდა საზღვრის სხვის სახელზე გაცემული, ყალბი პასპორტით გადაკვეთას, რათა მთელი ევროპის ტელეკამერების წინ ჩაეტარებინა ღია შეხვედრა, მხოლოდ ძალიან უგუნურ ადამიანებს შეიძლება მოეფიქრებინათ.“ 

Back to top button