
მერაბიშვილი შსს–ში დაკითხვაზე მივიდა
ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი და ყოფილი პრემიერ–მინისტრი ვანო მერაბიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მივიდა, სადაც ის დაკითხვისთვის დაიბარეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ 30 ნოემბერს დაიწყო გამოძიება, რომელიც მერაბიშვილის მიერ ყალბი დოკუმენტის გამოყენებასა და სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობას უკავშირდება.
„მე მინდა განვუცხადო ბიძინა ივანიშვილის პარტიას და ბიძინა ივანიშვილს, ჩვენს გუნდს, ჩვენ მუქარით, შანტაჟით, დაკითხვებით, დაჭერით ვერ შეგვაშინებს და ხელს ვერ აგვაღებინებს იმაზე, რომ, ჩვენ ვიბრძოლოთ საქართველოსთვის“, – განუცხადა მერაბიშვილმა ჟურნალისტებს შსს–ში შესვლამდე.
„მე და ჩემი გუნდი და ჩემი მეგობრები გავაგრძელებთ ბრძოლას საქართველოსთვის. ჩვენ არ შევდრკებით. მე მზად ვარ მივიდე ნებისმიერ ადგილას, გავცე ნებისმიერ შეკითხვას პასუხი და ამავე დროს გავაგრძელო ბრძოლა ჩვენი საქართველოსთვის“, – დასძინა მერაბიშვილმა.
This post is also available in: English Русский