skip to content
ახალი ამბები

სააკაშვილი ერევანში გაემგზავრა

პრეზიდენტი სააკაშვილი ერევანში ევროპის სახალხო პარტიის მიერ ინიცირებულ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა, იტყობინება მისი ადმინისტრაცია 30 ნოემბერს.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მიხეილ სააკაშვილის პირისპირ შეხვედრა სომხეთის პრეზიდენტთან სერჟ სარგსიანთან, ასევე შეხვედრები ევროკომისიის პრეზიდენთან ჟოზე მანუელ ბაროზოსთან და  ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტ ვილფრედ მარტენსთან.

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე, რომელიც მეორეა ევროპის სახალხო პარტიის ინიციატივით ივლისში ბათუმში ჩატარებული ანალოგიური ღონისძიების შემდეგ, ასევე მიწვეულია მოლდოვას პრემიერ-მინისტრი ვლად ფილატი.

ევროპის სახალხო პარტია აცხადებს, რომ აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორობის პროცესის ფარგლებში  ის ცდილობს პოლიტიკური აქტივობების ინტენსიფიცირებას მოლდოვას, საქართველოს და სომხეთის „ერთნაირი შეხედულებების მქონე ლიდერებს“ შორის.

პრეზიდენტ სააკაშვილის ნაციონალური მოძრაობა 2008 წლიდან ევროპის სახალხო პარტიის დამკვირვებელი წევრია.

 

Back to top button