skip to content
ახალი ამბები

კლინტონი ვაშინგტონში ფანჯიკიძეს შეხვდა

სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა „ძალიან ნათლად“ გამოხატა „მოლოდინები საქართველოში კანონის უზენაესობასთან დაკავშირებით“, როდესაც ის 29 ნოემბერს ვაშინგტონში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მაია ფანჯიკიძეს შეხვდა, განაცხადა აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტმა.

შეხვედრამდე გაკეთებულ განცხადებაში სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იყო „წარმატებული და მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქართველოში დემოკრატიის შემდგომი განვითარების გზაზე, და ასევე ნაბიჯი საქართველოს ევრო–ატლანტიკური მისწრაფებების შესრულებისკენ“.

“ჩვენ მხარი დავუჭირეთ ხელისუფლების მშვიდობიან გადაცემას, რაც ამ არჩევნების შედეგად მოხდა და ვიმედოვნებთ, რომ ყველაფერი, რაც ხდება პოტენციურ დამნაშავეთა სამართლებრივ დევნასთან დაკავშირებით, გამჭირვალედ განხორციელდება შესაბამისი პროცედურების და კანონის უზენაესობის დაცვით, როგორც შეეფერება საქართველოს ოცნებას და მისწრაფებებს, და ქართველი ხალხის გრძნობებს”, – განაცხადა კლინტონმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა შეხვედრის დაწყებამდე, რომ იგი მადლიერია სახელმწიფო მდივნის იმისათვის, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნების შემდეგ ასე მალე შეხვდა მას.

„ჩვენ ძალიან ვამაყობთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია“, – განაცხადა მაია ფანჯიკიძემ, „ჩვენ ვისაუბრებთ იმ საშინაო და საგარეო გამოწვევებზე, რომლის წინაშეც საქართველო დღეს დგას და ვიმედოვნებ, რომ თქვენთვის გასაგები იქნება ეს საკითხები და რომ მომავალშიც შეიძლება ვიქონიოთ თქვენი დახმარების და მხარდაჭერის იმედი“.

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ვიქტორია ნულანდმა განაცხადა ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე, რომ კლინტონს და ფანჯიკიძეს „ძალიან კარგი შეხვედრა“ ჰქონდათ.

ნულანდმა განაცხადა, რომ შეხვედრაზე განხილულ საკითხებს შორის იყო საქართველოს ახალი მთავრობის მზადყოფნა „საგარეო პოლიტიკაში უწყვეტობის თაობაზე“, მათ შორის საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის და ავღანეთის ოპერაციაში მონაწილეობის შესახებ, რაც ასევე გულისხმობს საქართველოს მონაწილეობას 2014 წლის შემდეგაც პოსტ-ISAF-ის პერიოდში. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ აშშ „ძალიან მოხარულია“, როცა ისმენს, რომ ახალი მთავრობა საგარეო პოლიტიკაში უწყვეტობის ერთგულია.

„სახელმწიფო მდივანმა ნათლად გამოხატა ჩვენი მოლოდინები კანონის უზენაესობასთან დაკავშირებით“,- განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა.

„სახელმწიფო მდივანმა ძალიან ნათლად თქვა თავის საჯარო განცხადებებში, რომ ეს არის ის საკითხი, რასაც საერთაშორისო თანამეგობრობა აკვირდება და რასაც საქართველოსადმი ჩვენი მხარდაჭერა ეფუძნება – ეს არის დემოკრატიული ღირებულებები, რაც ჩვენ საერთო გვაქვს და რომელიც უმნიშვნელოვანესია საქართველოსადმი ჩვენი მხარდაჭერისთვის; ამ მხრივ კანონის უზენაესობა საკვანძო საკითხია“, – განაცხადა მან, როდესაც მას საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებებზე ჰკითხეს.

მისი თქმით, ორმხრივი შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ დაიწყო და დაასრულა კლინტონის ამ საქმეების გამჭირვალობაში დარწმუნებით და მკაფიოდ მიუთითა, რომ „კარგად იციან, რომ მსოფლიო მათ აკვირდება“.  

პრემიერ–მინისტმა ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც თავისი პირველი ოფიციალური ვიზიტით პრემიერ–მინისტრის რანგში ბრიუსელს სტუმრობდა, განაცხადა 22 ნოემბერს, რომ მისი თხოვნით, რაც ამერიკულმა მხარემაც გაიზიარა, აშშ-ში მისი ვიზიტი მომავალ წელს შედგება. ვიზიტის გადადების მოტივად ივანიშვილმა ქვეყნის შიგნით არსებული ძალიან ბევრი საქმე დაასახელა.
    
სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა განაცხადა 29 ნოემბერს, რომ პრემიერ–მინისტრი ივანიშვილი „თეთრი სახლის სტუმარი იქნება“, როდესაც ის ვაშინგტონს ეწვევა.

იმავროულად,  აშშ–ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ერიკ რუბინმა 29 ნოემბერს საქართველოში თავისი სამდღიანი ვიზიტი დაასრულა. იგი პრეზიდენტ სააკაშვილს, პრემიერ–მინისტრ ივანიშვილს და სხვა მაღალჩინოსნებს შეხვდა. მან ასევე მონაწილეობა მიიღო სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის ფარგლებში გამართული თავდაცვის და უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში.

თავდაცვისა და უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფი ერთ–ერთია იმ ოთხი ჯგუფიდან, რომლებიც ორ ქვეყანას შორის 2009 წელს გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში ჩამოყალიბდა და დამატებით სამ პრიორიტეტულ მიმართულებას მოიცავს: ვაჭრობას და ეკონომიკას, დემოკრატიას და ხალხთა შორის კავშირებს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ფილიპ გორდონი ორი კვირის წინ სტუმრობდა საქართველოს და ასევე შეხვდა პრეზიდენტ სააკაშვილს და პრემიერ–მინისტრ ივანიშვილს.

Back to top button