skip to content
ახალი ამბები

საქართველოს რკინიგზას, საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაციას ახალი ხელმძღვანელობა ჰყავს

სს „საპარტნიორო ფონდის“ გადაწყვეტილებით, „საქართველოს რკინიგზის“ და "საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაციის" ხელმძღვანელობაში 27 ნოემბერს ცვლილებები განხორციელდა.

გენერალური დირექტორის პირველ მოადგილედ ოლეგ ბიჭიაშვილი დაინიშნა, რომელიც გენერალური დირექტორის მოვალეობებს შეასრულებს. კომპანიის განცხადებით, ბიჭიაშვილი „გამოცდილი რკინიგზელია, მას საქართველოს რკინიგზაში რამდენიმე ათეული წლის მსახურების სტაჟი აქვს და ზედმიწევნით კარგად იცნობს რკინიგზის სპეციფიკას“.

ირაკლი ეზუგბაია, რომელიც შვიდი წილს მანძილზე „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი იყო, ოქტომბრის ბოლოს თანამდებობიდან გადადგა.

„საქართველოს რკინიგზის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ კონსტანტინე (კოკა) გუნცაძე დაინიშნა.

28 ნოემბერს კოკა გუნცაძემ განუცხადა ტელეკომპანია „მაესტროს“, რომ ერთ–ერთი პრიორიტეტი იქნება, რომ „საქართველოს რკინიგზა თავისუფალი იყოს პოლიტიკური ჩარევისგან“. 

2004–2008 წლებში გუნცაძე ოპოზიციონერი დეპუტატი იყო და მას შემდეგ ბევრი ოპოზიციური პარტია და მოძრაობა გამოიცვალა. სულ ბოლოს ის ამომრჩეველთა ლიგაში მუშაობდა, როგორც ერთ–ერთი დამფუნებელი. ეს ორგანიზაცია 2012 წლის თებერვალში სპეციალურად 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის დაფუძნდა.

წლის დასაწყისში „საქართველოს რკინიგზა“ საკუთარი აქციების 25%–ის ლონდონის საფონდო ბირჟაზე პირველად განთავსებას გეგმავდა, თუმცა ის საერთაშორისო ბაზრებზე არასახარბიელო მდგომარეობის მოტივით გადაიდო.

საქართველოს ახალმა ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განუცხადა „როიტერს“, რომ მთავრობა „საქართველოს რკინიგზის“ აქციების 25%–ის პირველად განთავსების საკითხს განიხილავს; თუმცა მან აღნიშნა, რომ ბაზრის პირობები კვლავ გაურკვეველი რჩება.

„საუბარია საქართველოს რკინიგზის 25%–იან წილზე… ვფიქრობ, რომ ეს კარგი მაჩვენებელი იქნება უცხოელი ინვესტორებისთვის, რომ ქვეყანაში არსებული რისკები შეაფასონ“, – განუცხადა კვირიკაშვილმა „როიტერს“.

ცვლილებები ასევე განხორციელდა საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში, რომელიც ჩრდილოეთ–სამხრეთის იმ მაგისტრალურ გაზსადენს მართავს, რომლის საშუალებითაც ბუნებრივი აირი  სომხეთს რუსეთიდან საქართველოს გავლით მიეწოდება.

სს „ საპარტნიორო ფონდის“ გადაწყვეტილებით, დავით თვალაბეიშვილი კორპორაციის ახალ გენერალურ დირექტორად დაინიშნა, რომელმაც ამ პოსტზე ზურაბ ჯანჯღავა შეცვალა; ამ უკანასკნელს გენდირექტორის თანამდებობა 2007 წლიდან ეკავა.

თვის დასაწყისში ცვლილებები თავად „საპარტნიორო ფონდში“ განხორციელდა. ყოფილი პრემიერ–მინისტრი ნიკა გილაური ფონდის ხელმძღვანელის პოსტზე ირაკლი კოვზანაძემ შეცვალა; კოვზანაძე 2004–2008 წლების მოწვევის პარლამენტში საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე იყო.     

This post is also available in: English Русский

Back to top button