skip to content
ახალი ამბები

მაია ფანჯიკიძე აშშ-ში გაემგზავრა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე აშშ-ში გაემგზავრა, სადაც დაგეგმილია მისი შეხვედრა სახელმწიფო მდივანთან ჰილარი კლინტონთან, ასევე ამერიკელ კონგრესმენებთან და სენატორებთან.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი, რადგანაც არის ახალი მთავრობის პირველი წარმომადგენლის ვიზიტი ქვეყნის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან – ამერიკის შეერთებულ შტატებთან“, – განუცხადა ჟურნალისტებს გამგზავრების წინ ფანჯიკიძემ.

მისი თქმით, ვიზიტისას, რომლის ფარგლებშიც ასევე იგეგმება საქართველოზე მომუშავე ექსპერტებთან შეხვედრა, მთავარ განსახილველ საკითხებს შორის იქნება აშშ-სა და საქართველოს შორის პარტნიორული ურთიერთობები, ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები, მათ შორის ნატოში მისწრაფება და ავღანეთის ოპერაციაში საქართველო მონაწილეობის საკითხი.

თავდაპირველად იგეგმებოდა, რომ ნოემბრის ბოლოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ეწვეოდა აშშ-ს, თუმცა ვიზიტი გადაიდო. ივანიშვილმა 22 ნოემბერს განაცხადა, რომ მისი თხოვნით, რაც ამერიკულმა მხარემაც გაიზიარა, აშშ-ში მისი ვიზიტი მომავალ წელს შედგება. ვიზიტის გადადების მოტივად ივანიშვილმა, რომელიც პირველი ვიზიტით უკვე სტუმრობდა ბრიუსელს, ქვეყნის შიგნით არსებული ძალიან ბევრი საქმე დაასახელა. 

მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ აშშ-დან მექსიკაში გაემგზავრება, სადაც ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიალს დაესწრება. შემდეგ ის ბრიუსელში ვიზიტს გეგმავს, სადაც 4-5 დეკემბერს ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება. საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისში 8 დეკემბერს დაბრუნდება მას შემდეგ, რაც დუბლინში 6-7 დეკემბერს ეუთოს მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას.

Back to top button