
კეტრინ ეშტონი საქართველოს სტუმრობს
ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენელი კეტრინ ეშტონი 26 ნოემბერს საქართველოში ჩამოვიდა, სადაც ის რამდენიმე საათით დარჩება და შუა აზიაში გამგზავრებამდე პრეზიდენტ სააკაშვილს და პრემიერ–მინისტრ ბიძინა ივანიშვილს შეხვდება.
„მოუთმენლად ველი პრემიერ–მინისტრთან და საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრას თბილისში, რათა მათთან ერთად ვუზრუნველყოთ წინსვლა ევროკავშირი–საქართველოს ურთიერთობების მნიშვნელოვან საკითხებზე“, – განაცხადა ეშტონმა ვიზიტამდე გავრცელებულ წერილობით განცხადებაში.
„ჩვენი თანამშრომლობა ფართოა და ჩვენ ბევრი რამ გვაქვს განსახილველი, მათ შორის ასოცირების შეთახმების და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების მიმართულებით მიღწეული სწრაფი პროგრესი. კიდევ ერთხელ მივულოცავ ქართველ ხალხს ცოტა ხნის წინ საპარლამენტო არჩევნების პოზიტიურ დემოკრატიულ ჩატარებას; ასევე გავიმეორებ იმ მნიშვნელობას, რომელსაც ვანიჭებთ ახალი მთავრობის და საქართველოს პრეზიდენტის ერთობლივ კონტრუქციულ მუშაობას. საქართველოს შეუძლია იქონიოს ევროკავშირის მხარდაჭერის იმედი ამ კუთხით განხორციელებული ძალისხმევის მიმართ. ასევე მინდა ხაზი გავუსვა მართლმსაჯულების და კანონის უზენაესობის მიუკერძოებელ გამოყენებას; ეს ის ღირებულებებია, რომელთაც საქართველო და ევროკავშირი იზიარებენ“, – განაცხადა ეშტონმა.
გამგზავრებამდე ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი პრესისთვის განცხადებას გააკეთებს.
This post is also available in: English Русский