ახალი ამბები

სააკაშვილი: ‘სერიოზული არასტაბილურობის განცდა ისევ გაჩნდა’

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში „სერიოზული არასტაბილურობის განცდა ისევ გაჩნდა“ და მან „წარსულზე და პირად დაპირისპირებაზე“ უარის თქმისკენ მოუწოდა.

23 ნოემბერს გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში, რომელიც ვარდების რევოლუციის ცხრა წლისთავს მიეძღვნა, სააკაშვილმა განაცხადა, რომ მიუხედავად უამრავი გამოწვევებისა, საქართველომ „წამოუდგენელ წარმატებას“ მიაღწია ბოლო ცხრა წლის მანძილზე.

„ჩვენ შევქმენით სისტემა, სადაც არჩევნების მოგება ან წაგება დემოკრატიულად შეიძლება, სადაც მთავრობები მიდიან და მოდიან ძალაუფლებაზე მოჭიდების გარეშე, სადაც თქვენ, საქართველოს მოქალაქეები ხართ საბოლოო გადაწყვეტილების მიმღები და სადაც ინსტიტუტები პოლიტიკურ ძალებზე, სოციალურ ჯგუფებზე და პირად ინტერესებზე მაღლა დგას“, – განაცხადა მან, „თქვენი დამოკიდებულება სახელმწიფოსთან, მთავრობასთან, ბიუროკრატიასთან, ყველა სხვა ინსტიტუტთან ისე დრამატულად შეიცვალა, რომ წარსულში დაბრუნება შეუძლებელია“.

„ძალიან ბევრს საუბრობენ შურისძიებაზე, ასევე ვხედავ დაპატიმრებების ტალღას და მესმის, რომ სერიოზული ნევროზულობის სიგნალი იგზავნება. მრავალი წლის მანძილზე [პირველად] გაჩნდა ისევ არასტაბილურობის სიგნალი“, – განაცხადა სააკაშვილმა, „მე მუდამ მომავალზე ვარ ორიენტირებული და არა წარსულზე და როდესაც საქმე ჩემს ქვეყანას და ჩემს თანამოქალაქეებს ეხება, ყოველთვის ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. დარწმუნებული ვარ, რომ არანაირი გზა არ არსებობს უკან წარსულისკენ“.

„ჩვენ მათ [ბიძინა ივანიშვილის კოალიციას] გადავეცით იმაზე მეტი ძალაუფლება, ვიდრე კონსტიტუციით იყო გათვალისწინებული, რადგან ჩვენ გვინდა, მათ შეეძლოთ მართვა და იმ დაპირებების შესრულება, რომელიც თქვენ მოგცეს“, – განაცხადა მან, „ყველას მოვუწოდებ, იმუშავონ ხალხისთვის და მომავლისთვის; არ გაამახვილონ ყურადღება წარსულზე და პირად ბოღმაზე და დაპირისპირებაზე“. 

მანამდე 23 ნოემბერს, ქუთაისში ბაგრატის ტაძარში გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ პარაკლისზე დასწრების შემდეგ, პრეზიდენტმა სააკაშვილმა განუცხადა ჟურნალისტებს, რომ „საქართველოში სულ უფრო მეტი ხალხი ხვდება, რომ ჩვენი ქვეყანა განსაცდელშია“.

„მე ჩვენ ხალხთან ერთად ვიყავი მშვიდობის დროს, ომის დროს, გაჭირვების დროს, აღმშენებლობის დროს და მე ჩემ ხალხს არ მივატოვებ არც განსაცდელში. ჩვენ ბოლომდე გადავლახავთ ამ პრობლემებს, ჩვენ გავიყვანთ საქართველოს სამშვიდობოზე“, – განაცხადა სააკაშვილმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button