
ივანიშვილი: ‘არსადაც არ წავალ, დავრჩები ბოლომდე და ვიბრძოლებ შემდგომი არჩევნებისთვისაც, თუ ეს საჭირო გახდება’
პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ პოლიტიკას 2014 წლის გაზაფხულის ადგილობრივი არჩევნების შემდეგ მხოლოდ იმ შემთხვევაში დატოვებს, თუ არ იარსებებს კითხვები დაპირებების შესრულებასთან დაკავშირებით, ხელისუფლება იქნება ეფექტური და „ქართული ოცნება“ მოახერხებს მომდევნო საარჩევნო წარმატების მიღწევას.
„არსადაც არ წავალ, დავრჩები ბოლომდე და ვიბრძოლებ შემდგომი არჩევნებისთვისაც, თუ ეს საჭირო გახდება. მაგრამ ეს იქნება ცუდი ვარიანტი ჩვენი მოღვაწეობის. მაგრამ თუ ეს ცუდი ვარიანტი განვითარდება, მე მზად ვარ აქ დავრჩე და გავაგრძელო 4 წელიც და ვიბრძოლო შემდგომი არჩევნებისთვისაც ხელისუფლებაში დარჩენისათვის“, – განაცხადა ივანიშვილმა 22 ნოემბერს პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, „იდეალური ვარიანტი თუ განვითარდა, მხოლოდ ასეთ შემთხვევაში“ დატოვებს თანამდებობას და გადავა საზოგადოებრივ სექტორში, რათა გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოება და „აკონტროლოს“ ხელისუფლება იმ მიზნის მისაღწევად, რომ 2 ათეულ წელიწადში საქართველოში ჩამოყალიბდეს ევროპის ტიპის საზოგადოება.
„მე წავალ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რაც მაქვს მე გეგმები და როგორც წარმომიდგენია დღევანდელი გადმოსახედიდან, რომ მაქსიმალურად ეფექტურ ხელისუფლებას დავტოვებ და ყველა დაპირებებს, რომელიც მე მივეცი მოსახლეობას საარჩევნო პროცესში, არავის არ გაუჩნდება ეჭვი რომ ეს ყველაფერი შესრულდება და მე ამ პასუხისმგებლობას დავიტოვებ“, – განაცხადა მან.
პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ამ განმარტებების გაკეთება საჭიროდ ჩათვალა იმ „სპეკულაციებიდან“ გამომდინარე, რომელიც მოჰყვა მის განცხადებას, რომ წელიწადნახევარში დატოვებდა თანამდებობას და ამით აღებულ პასუხისმგებლობას გაექცეოდა.