
ივანიშვილის თქმით, პენსიების ზრდა ეტაპობრივად განხორციელდება
პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ პენსია მომავალ წელს ეტაპობრივად გაიზრდება და 150 ლარს მიაღწევს.
მისი თქმით, პენსიების ზრდა აპრილიდან დაიწყება და ყველა ასაკით პენსიონერი 125 ლარს მიიღებს.
ამჟამად, 67 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის მინიმალური პენსია 100 ლარს შეადგენს, ხოლო 67 წლის ასაკის ზევით პენსიონერთათვის პენსიის მინიმალური ოდენობა სექტემბრიდან 125 ლარი გახდა. საპენსიო ასაკი საქართველოში ქალებისათვის 60 წელს, ხოლო მამაკაცებისათვის 65 წელს შეადგენს.
ივანიშვილმა განაცხადა, რომ 2013 წლის 1 სექტემბრიდან ასაკით პენსიონერების და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების პენსია გაუტოლდება დღეს არსებულ საარსებო მინიმუმს, რაც 150 ლარს შეადგენს. მან ასევე განაცხადა, რომ შემდგომში ასევე გადაიხედება ზრდის მიმართულებით საარსებო მინიმუმიც.
მან ასევე განაცხადა, რომ 1 ივლისიდან ასევე იგეგმება სოციალურ დაუცველ პირთა დახმარებების გაორმაგება, ასევე გაორმაგდება დევნილთა შემწეობებიც.
პრემიერ-მინისტრის რანგში 21 ნოემბერს მოწვეულ პირველ ფართომასშტაბიან პრესკონფერენციაზე მან განაცხადა, რომ სოციალური დახმარებების ზრდა მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში, რომელიც თავდაპირველად წინა მთავრობამ შეადგინა, სხვადასხვა ხარჯების შეკვეცამ განაპირობა.