skip to content
ახალი ამბები

ფანჯიკიძის თქმით, რუსეთი ამერიკელ დიპლომატთან საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო

რუსეთთან ურთიერთობების საკითხი განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან ფილიპ გორდონთან შეხვედრაზე, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ.

საგარეო უწყებაში ამერიკელ დიპლომატთან 17 ნოემბერს გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდა პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძე.

„ჩვენ ბატონ გორდონს ავუხსენით, თუ რას ნიშნავს სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნა, როგორი იყო მის დანიშვნაზე რეაქციები მოსკოვიდან“, – განუცხადა შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს მაია ფანჯიკიძემ.

რუსეთთან ურთიერთობებში ამ „მეორე არხის“ გახსნა, ფანჯიკიძის განცხადებით, არ ნიშნავს, რომ  საფრთხე ექმნება ჟენევის ფორმატს.

„პირიქით, ჟენევის პროცესი არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფორუმი, რომელიც ჩვენ გვაქვს რუსეთთან ურთიერთობისთვის და ამ ფორუმის შენარჩუნებისთვის კეთდება აბსოლუტურად ყველაფერი, ხოლო ეს იქნება დამატებითი არხი იმისათვის, რომ რაღაც სახის ურთიერთობა დამყარდეს“, – განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაწყვეტილია. ჟენევის ფორმატის გარდა, მხარეები ერთმანეთთან ოფიციალურ დონეზე შვეიცარიის შუამავლობითაც ურთიერთობენ.

საქართველოში თავისი სამდღიანი ვიზტის ფარგლებში ფილიპ გორდონი პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს, პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს, თავდაცვის მინისტრს ირაკლი ალასანიას, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს გიგა ბოკერიას და საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებს შეხვდა. ამერიკელი დიპლომატი დღეს პრეზიდენტ სააკაშვილს შეხვდება.

This post is also available in: English Русский

Back to top button