ახალი ამბები

სააკაშვილი ბრიუსელში ჰერმან ვან რომპუის შეხვდა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ჰერმან ვან რომპუი 14 ნოემბერს ბრიუსელში პრეზიდენტ სააკაშვილს შეხვდა მას შემდეგ, რაც ორი დღით ადრე ბრიუსელში მყოფ პრემიერ–მინისტრთან ბიძინა ივანიშვილთან გამართა შეხვედრა.

შეხვედრის შემდეგ ჰერმან ვან რომპუიმ კიდევ ერთხელ გაიმეორა ევროკავშირის მზადყოფნა საქართველოსთან ასოცირების შეთანხმებაზე, მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების „რაც შეიძლება სწრაფად“ დასრულების თაობაზე. მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი „განაგრძობს მთავრობასთან ეფექტურ მუშაობას მათი თანაარსებობის პერიოდში“.

პრეზიდენტ სააკაშვილის თქმით „შემთხვევით“ ისე აღმოჩნდა, რომ მისი და პრემიერ-მინისტრის ბრიუსელში ვიზიტები ერთმანეთს დაემთხვა.

„ეს მართლაც აჩვენებს, რომ არსებობს თანამშრომლობის საჭიროება, რადგანაც ჩვენ ძალიან ბევრს ვსაუბრობთ ერთი და იმავე საკითხებზე“, – განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ ეს საკითხები საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას ეხება და ეს ის საკითხებია, რომელზეც შესაძლებელია საერთო ენის გამონახვა.

მისი თქმით, საჭიროა საქართველომ კვლავაც განაგრძოს პროგრესი, რომელსაც მან ასოცირების შეთანხმებაზე მოლაპარაკებებში და ასევე ვიზების ლიბერალიზაციაზე დიალოგში აქამდე მიაღწია.

„ჩვენ კვლავ უნდა განვაგრძოთ ეს… და ვცდილობთ დავეხმაროთ მათ [ახალ მთავრობას], რომ საქართველო ევროპულ ინსტიტუტებს დაუახლოვონ“, – განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, „დარჩენილი ერთი წელიწადი საპრეზიდენტო ვადის მთლიანად მოემსახურება იმას და მთავარი თემა ჩემთვის იქნება საგარეო პოლიტიკაში საქართველოს ევროპული ინტეგრაციის შემდეგ ეტაპზე გადაყვანა, რაც ნიშნავს თავისუფალ ვაჭრობას, ვიზების გამარტივებას და გაუქმებას ქართველებისთვის, ასოცირების ხელშეკრულებას და საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის გაჩენას“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button