
პროკურატურამ სასამართლოს გენშტაბის უფროსის უფლებამოსილების შეჩერება სთხოვა
თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია (მარცხნივ) სამხედრო ხელმძღვანელობასთან შეხვედრაზე, სადაც ასევე იმყოფება გაერთიანებული შტაბის უფროსი გიორგი კალანდაძე (მარჯვნივ), 10 ნოემბერი. ფოტო: თავდაცვის სამინისტრო
პროკურატურამ შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის გიორგი კალანდაძის უფლებამოსილების შეჩერების თაობაზე, განაცხადა მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა 10 ნოემბერს.
32 წლის ბრიგადის გენერალი კალანდაძე 7 ნოემბერს დააპატიმრეს და ბრალი სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებაში დასდეს. შეიარაღებული ძალების მე-4 ბრიგადის ყოფილი მეთაური ზურაბ შამათავა და შინაგან საქმეთა და თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია ასევე დააკავეს ამავე საქმეზე, თუმცა ახალაიას სხვა ეპიზოდზეც აქვს ბრალი წაყენებული, სადაც ასევე ფიგურირებს გიორგი კალანდაძეც.
სასამართლომ გენერალი კალანდაძე და შამათავა გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა მას შემდეგ, რაც 20 ათასი ლარი გადაიხადა თითოეულმა.
10 ნოემბერს გათავისუფლების შემდეგ გიორგი კალანდაძე პრეზიდენტმა სააკაშვილმა თავის სასახლეში მიიღო. მიხეილ სააკაშვილმა უთხრა მას, რომ გაეგრძელებინა თავისი მოვალეობის შესრულება შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის მეთაურის რანგში.
ასევე 10 ნოემბერს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელობას შეხვდა, მათ შორის კალანდაძესაც. ალასანიამ განაცადა, რომ კალანდაძე უდანაშაულოა, სანამ მისი ბრალი არ დადასტურდება. თუმცა, მან ასევე განაცხადა, რომ ვინაიდან გამოძიება კვლავ მიმდინარეობს, შესაძლოა მიღებულ იქნას გადაწყვეტილება მისი უფლებამოსილების შეჩერების თაობაზე.
„ბატონი კალანდაძე მიცემულია პასუხისმგებლობაში სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის. იგი მხილებულია მის ხელქვეითთა ცემაში. და ამ შემთხვევაში გააგრძელოს მან თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულება უკვე შეუსაბამოა ამ ბრალდების ფონზე და არაგონივრული. აქედან გამომდინარე, ეს მოთხოვნა იქნა წარდგენილი მისი გადაყენების შესახებ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ გონივრული განსჯის მიღმა იქნება ვარაუდი იმისა, რომ ეს არ იქნას დაკმაყოფლებული“, – განუცხადა კბილაშვილმა ტელეკომპანია „მაესტროს“ შაბათს.