ახალი ამბები

გირაოთი გათავისუფლების შემდეგ გაერთიანებული შტაბის უფროსი სააკაშვილმა მიიღო



სააკაშვილი 10 ნოემბერს 32 წლის ბრიგადის გენერალს გიორგი კალანდაძეს პრეზიდენტის სასახლეში შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ფოტო.

პრეზიდენტი სააკაშვილი საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის მეთაურს გიორგი კალანდაძეს შეხვდა, რომელსაც ჯარისკაცების ცუდ მოპყრობაში ედება ბრალი და უთხრა მას, რომ განაგრძოს საკუთარ პოსტზე მუშაობა.

32 წლის ბრიგადის გენერალი გიორგი კალანდაძე, რომელიც 20 000 ლარის გირაოს გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს, სააკაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში 10 ნოემბერს მიიღო.

სააკაშვილმა უთხრა კალანდაძეს, რომ მისი დაკავება „დაუშვებელი შემთხვევაა“. 

„მე ვფიქრობ, ყველას მართებს პატივისცემის გამოხატვა ჩვენი შეიარაღებული ძალებისადმი. არავის არ აქვს უფლება ღირსება შელახოს რომელიმე ოფიცრის, რა დონისაც არ უნდა იყოს, მით უმეტეს გენშტაბის უფროსის“, – განაცხადა სააკაშვილმა. „კანონის წინაშე ყველანი თანასწორი ვართ, მეც, თქვენც, და ყველანი, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი ფორმა და პროცედურა“.

„შეიარაღებული ძალები უნდა იყოს პოლიტიკის მიღმა და რამდენიც არ უნდა ეთამაშონ პოლიტიკას, მათ შორის ასეთი უღირსი მეთოდებით, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება არმიის ამაში ჩართვა“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

სააკაშვილმა კალანდაძე 2008 წლის აგვისტოს ომის დროს „გმირული მოქმედებების“ გამო შეაქო, როდესაც კალანდაძე მე–4 ბრიგადის მეთაური იყო.

„ჩვენ ყველანი უნდა ვემსახუროთ საქართველოს, როგორიც არ უნდა იყოს პოლიტიკური კონიუქტურა, ან როგორიც არ უნდა იყოს პროპაგანდისტული შემოტევა თქვენზე; შეიარაღებული ძალების ღირსების საკითხია, რომ შეიარაღებულმა ძალებმა გააგრძელონ ჩვეულებრივი ფუნქციონირება; ჩვენ არ ვართ მარტივ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში და ყველაზე უარესი, რაც შეიძლება მოხდეს, არის ფუნქციონალურობის მოშლა ჩვენი შეიარაღებული ძალების. ბოლო წლებში ჩვენ ძალიან ბევრი გავაკეთეთ; თბილისის გარშემო ჩვენ ავაგეთ თავდაცვითი ზოლი, რომელიც ხალხს არ უნახავს და კარგი იქნება, რომ ტელევიზიებმა ახლა მაინც აჩვენონ, როგორი დაცულია დედაქალაქი, განსხვავებით 2008 წლისა და რამხელა საინჟინრო ნაგებობები გააკეთეთ… რომ მზად ვიყოთ ყველანაირი შემდგომი შემოტევისთვის“, – განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ კიდევ ბევრია გასაკეთებელი არმიაში დისციპლინის გასაძლიერებლად.

„ამიტომ, მე როგორც მთავარსარდალი, გავალებთ, გააგრძელოთ შესრულება მოვალეობის და თქვენი ფუნქციონირება, როგორც საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსის“, – მიმართა სააკაშვილმა კალანდაძეს.

„ეს ინციდენტი უნდა დავივიწყოთ და მოვიტოვოთ უკან“, – განაცხადა სააკაშვილმა, „ჩვენ ყველანი უნდა ვემსახუროთ საქართველოს მიუხედავად იმისა, ვინ რას იტყვის და ვის როგორი პოლიტიკური კონიუქტურა აქვს“.

„ჩემი რჩევა იქნება, ყველაფერი ეს მოვიტოვოთ უკან, დაბრუნდით გენშტაბში და გააგრძელეთ სამშობლოს ისეთივე სამსახური, როგორც მთელი ამ წლების განმავლობაში“, – დასძინა მან.

გიორგი კალანდაძე გაერთიანებული შტაბის უფროსად პრეზიდენტმა სააკაშვილმა დანიშნა 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებიდან ერთ კვირაში. ახალმა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ, რომელიც ამ პოსტზე პარლამენტმა ახალ მთავრობასთან ერთად 25 ოქტობერს დაამტკიცა, განაცხადა 2 ნოემბერს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობდა კალანდაძის ჩანაცვლების თაობაზე.

პრეზიდენტ სააკაშვილის ნაციონალური მოძრაობა აცხადებს, რომ კალანდაძის დაკავება პოლიტიკურად მოტივირებულია, ვინაიდან ალასანიამ ვერ შეძლო ამ პოსტზე მისდამი ლოიალურად განწყობილი კადრი დაენიშნა.

შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი გიორგი კალანდაძე 7 ნოემბერს დააკავეს და ჯარისკაცების ცუდი მოპყრობის ბრალი წაუყენეს 2011 წლის ოქტომბრის საქმეზე, როდესაც ის გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე იყო. ამავე საქმესთან დაკავშირებით ასევე დააკავეს მე–4 ბრიგადის მეთაური ზურაბ შამათავა და ყოფილი თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია, თუმცა ახალაიას სხვა მუხლითაც დაუმძიმეს ბრალი.  

კალანდაძე თავდაცვის სამინისტროში პირადად ახალმა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დააკავა, რომელიც აცხადებს, რომ დაკავება პროცედურების შესაბამისად განხორციელდა, რათა არ შელახულიყო ოფიცრის ღირსება.

9 ნოემბერს მეცხრე არხთან ინტერვიუში წულუკიანმა განაცხადა, რომ კალანდაძის წარსული საქმეები არ უნდა გახდეს მიზეზი იმისათვის, რომ თვალი დახუჭო კალანდაძის მიერ ჯარისკაცების წინააღმდეგ ჩადენილ სავარაუდო კანონდარღვევებზე.

„გენერალ კალანდაძეს უბრძოლია ჩვენი ქვეყნის მტრის წინააღმდეგ“, – განაცხადა წულუკიანმა, „თუმცა, ეს არის, ამავე დროს, ადამიანი, რომელიც სისტემატურად შეურაცხყოფდა ბაჩო ახალაიას ხელმძღვანელობით, ჯარისკაცის ღირსებას; ეს არის ადამიანი, რომელიც სხვადასხვა და არა მხოლოდ დაზარალებულის ჩვენებებიდან ირკვევა, შესაძლოა ცემდა მისდამი დაქვემდებარებულ სამხედროებს“.

ნატოს სამხედრო კომიტეტის გადაწყვეტილებამ საქართველოში ვიზიტის გადადების თაობაზე კიდევ უფრო გაამწვავა უთანხმოება კალანდაძის დაკავებასთან დაკავშირებით. ნაციონალურმა მოძრაობამ განაცხადა, რომ ამ დაპატიმრებამ ქვეყნის ნატოში ინტეგრაციას ხელი შეუშალა.

„თუკი გენერალი 2008 წლის ომში იცავდა ქვეყანას, მოგეხსენებათ გენერალთან ერთად ქვეყანას იცავდნენ ჯარისკაცებიც; ამ ჯარისკაცების ღირსებას შეურაცხყოფდა თავდაცვის მაშინდელი მინისტრი [ბაჩო ახალაია] და შტაბის უფროსი [კალანდაძე]… ამგვარი გენერალი, ჩემი აზრით, არ მიაქანებდა ქვეყანას ნატოსკენ“, – განაცხადა წულუკიანმა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 9 ნოემბერს მიიღო გადაწყვეტილება კალანდაძის და მე–4 ბრიგადის ყოფილი მეთაურის ზურაბ შამათავას გათავისუფლების თაობაზე თითოეულისთვის 20 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ; ბაჩო ახალაიას კი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

ახალაია გლდანის მე–8 საპყრობილეში მოათავსეს – ეს ის დაწესებულებაა, რომელიც 2012 წლის სექტემბრის ციხის სკანდალის დროს ყურადღების ცენტრში მოექცა. ახალაიას, რომელიც იმ დროს შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, პროტესტის ფონზე თანამდებობიდან წასვლა მოუხდა.   

სამივე პირის მიმართ წაყანებული ბრალდების წინასწარი სასამართლო მოსმენა 25 დეკემბერსაა დაგეგმილი.

სამივე მათგანს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ედებათ ბრალი საქმეზე, რომელიც ჯარისკაცების ცუდ მოპყრობას ეხება.

გარდა ამისა, ახალაიას ასევე ედება ბრალი თავისუფლების უკანონო აღკვეთაში, რომელიც ცალკე საქმეს მოიცავს, რომელშიც, სავარაუდოდ, ასევე ჩართულია კალანდაძე; თუმცა, ჯერჯერობით კალანდაძესთვის ამ საქმესთან დაკავშირებით ბრალი არ წაუყენებიათ; საუბარია იმაზე, რომ 2011 წლის სექტემბერში ახალაიამ და კალანდაძემ, სავარაუდოდ, სცემეს პირს და შემდეგ რამდენიმე საათით უკანონოდ ჰყავდათ ის დაკავებული.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button