
ახალაიას და ორ სამხედრო მაღალჩინოსანს ბრალი წაუყენეს
ყოფილ თავდაცვის და შინაგან საქმეთა მინისტრს ბაჩო ახალაიას ორი სხვადასხვა მუხლით წაუყენეს ბრალი, მათ შორისაა „სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება“ და „თავისუფლების უკანონო აღკვეთა“, განაცხადა მისმა ადვოკატმა.
„თავისუფლების უკანონო აღკვეთის“ მუხლი ახალაიას საქმეში ახალ ეპიზოდს წარმოადგენს და მისი დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია; პროკურატურას კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
როდესაც ახალაია დააკავეს, გამოძიება „სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების“ საქმეზე მიმდინარეობდა, რომელიც ეხება ჯარისკაცების ცუდი მოპყრობის სავარაუდო ფაქტს 2011 წლის ოქტომბერში, მაშინ როდესაც ახალაია თავდაცვის მინისტრი იყო.
ჯარისკაცების ცუდი მოპყრობის საქმეზე ასევე დაკავებული არიან საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის მეთაური გიორგი კალანდაძე და მე–4 ქვეითი ბრიგადის მეთაური ზურაბ შამათავა. ბრალდების მხარემ ორივე მათგანს უკვე წაუყენა ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 333–ე მუხლის მე–3 ნაწილით, რაც გულისხმობს სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას, რასაც მოყვა „დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფა“.
როგორც დაკავებულთა ადვოკატები აცხადებენ, სამივე მათგანი ბრალდებებს უარყოფს.
ასევე 8 ნოემბერს ნაციონალური მოძრაობის დეპუტატების ჯგუფი თბილისში აკრედიტებულ დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებს შეხვდა, რათა ბაჩო ახალაიას და ორი სამხედრო მაღალჩინოსნის, როგორც ისინი ამბობენ, „პოლიტიკურად მოტივირებულ“ დაკავებაზე თავიანთი შეშფოთება გამოეხატათ.
ყოფილმა პრემიერ–მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა, რომელიც ამჟამად ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანია, განაცხადა, რომ ის თუ როგორ მოხდა კალანდაძის დაპატიმრება – გამთენისას თავდაცვის მინისტრის კაბინეტში – "ძველი საბჭოთა კაგებეშნიკური მეთოდია"; მისი თქმით, ეს "სამარცხვინო" და "ამაზრზენია".
პრეზიდენტი სააკაშვილი დღეს გაერთიანებული შტაბის უფროსის გიორგი კალანდაძის ოჯახს ესტუმრა და ასევე ტელეფონით ესაუბრა ბაჩო ახალაიას და მე–4 ქვეითი ბრიგადის მეთაურის ზურაბ შამათავას ოჯახებს, იტყობინება პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
This post is also available in: English Русский