
თბილისის მერიის და მთავრობის დავა სოციალური პროგრამების დაფინანსებაზე
თბილისის მერიას და ცენტრალურ მთავრობას შორის დავა წარმოიშვა იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ დაფარავს ასიათასობით თბილისელის სხვადასხვა სოციალური დახმარების ხარჯებს.
თბილისის მერიის 2012 წლის ბიუჯეტისთვის 78 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი 90 000 თბილისელისთვის სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევის დასაფინანსებლად; ასევე 40 000 სოციალურად დაუცველი ოჯახის სხვადასხვა სოციალური დახმარებებისთვის და დაახლოებით, 600 000 მოქალაქისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის ფასდაკლებისა და შეღავათების დასაფარად.
ახალი მთავრობის მიერ უფლებამოსილების შესრულების დაწყებამდე 6 დღით ადრე, ყოფილმა პრემიერ–მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა 19 ოქტომბერს სამ განკარგულებას მოაწერა ხელი, რითაც ამ სოციალური პროგრამების განხორციელების და დაფინანსების უფლებამოსილება თბილისის მერიიდან ჯანდაცვის სამინისტროს გადაეცა.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წლის ბოლომდე ამ პროგრამების დასაფინანსებლად 22 მილიონი ლარია საჭირო.
31 ოქტომბერს ახალმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა მისი წინამორბედის სამივე განკარგულება გააუქმა და სთხოვა თბილისის მერიას განეგრძო ამ პროგრამების განხორციელება იმ თანხებით, რომელიც თბილისის მერიის ამ მიზნით უკვე იყო გათვალისწინებული.
2 ნოემბერს თბილისის მერმა გიგი უგულავამ პრემიერ–მინისტრ ბიძინა ივანიშვილს წერილობით მიმართა და განუცხადა მას, რომ მისმა გადაწყვეტილებამ 19 ოქტომბრის განკარგულებების გაუქმების თაობაზე ასიათასობით თბილისელის სოციალური დახმარებები დაუფინანსებელი დატოვა. მან მზადყოფნა გამოხატა ჩაერთოს ცენტრალურ ხელისუფლებასთან კონსულტაციებში პრობლების მოსაგვარებლად
თუმცა, ახალმა მთავრობამ განაცხადა, რომ სოციალური დახმარებების დაფინანსების ტვირთი ჯანდაცვის სამინისტროს დააწვა ამ პროგრამების განხორციელებისთვის საჭირო შესაბამისი თანხების გადარიცხვის გარეშე. ამასთან, ახალი ვალდებულებების შესრულებას სახელმწიფო ბიუჯეტში შესაბამისი ცვლილები ესაჭიროებოდა.
ახალმა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ მის სამინისტროს არ გააჩნია ის 22 მილიონი ლარი, რომელიც წელს სოციალური პროგრამების დაფინანსებისთვისაა საჭირო. მისი თქმით, სამინისტროს ამჟამად 13 მილიონი ლარის დეფიციტი აქვს.
ახალმა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა, რომ არსებულ პრობლემაში დამნაშავე წინა მთავრობაა და არა ამჟამინდელი. მისი თქმით, ყოფილი პრემიერის მხრიდან ამგვარი გადაწყვეტილების მიღება "უპასუხისმგებლობა" იყო, რადგან მან იცოდა რომ ცენტრალურ ბიუჯეტში არანაირი თანხები არ იყო გამოყოფილი ამ სოციალური პროგრამების დასაფინანსებლად და ეს ტვირთი მაინც ცენტრალურ ხელისუფლებას აკიდა. ერთ–ერთმა მისმა მოადგილემ, დავით ებრალიძემ წინა მთავრობა და ნაციონალური მოძრაობა ახალი ხელისუფლების „საბოტაჟშიც“ დაადანაშაულა, რომელმაც, მისი თქმით, სხვადასხვა სოციალური პროგრამების დაფინანსების სახით ახალ მთავრობას დამატებითი ტვირთი დააკისრა, რაც წესით თბილისის მერიის მიერ ადგილობრივი ბიუჯეტიდან უნდა დაფინანსებულიყო.
ფინანსთა სამინისტრომ ასევე გამოთქვა ვარაუდი, რომ შესაძლოა ის თანხები, რომლითაც აღნიშნული სოციალური პროგრამები უნდა დაფინანსებულიყო, არამიზნობრივად იქნა დახარჯული თბილისის მერიის მიერ და ამის გამო ის ახლა ამ ხარჯების თავიდან აცილებას ცდილობს.
თბილისის მერიამ განაცხადა, რომ ამ პროგრამების განხორციელების ადგილობრივიდან ცენტრალური მთავრობისთვის გადაცემის გადაწყვეტილება იმ სტრატეგიის ნაწილია, რომელიც სოციალური პროგრამების და მათი დაფინანსების ცენტრალურ ბიუჯეტში თავმოყრას ისახავს მიზნად.
კითხვაზე, თუ სად წავიდა პროგრამებისთვის თავდაპირველად განკუთვნილი ფული, თბილისის მერმა გიგი უგულავამ „რუსთავი 2“–ს 2 ნოემბერს უპასუხა, რომ მას შემდეგ, რაც ამ პროგრამების განხორციელება ცენტრალურ ბიუჯეტს გადაეცა, თბილისის საკრებულომ ეს თანხები ადგილობრივ ბიუჯეტში სხვა ხარჯების დაფარვაზე გადაანაწილა, კერძოდ საბავშვო ბაღების დაფინანსებაზე, დაზიანებული სახლების შეკეთებაზე და დასუფთავების სამსახურის სუბსიდირებაზე მას შემდეგ, რაც დასუფთავების გადასახადი დროებით განახევრდა.
უგულავამ განაცხადა, რომ მას არ უკვირს, რომ ასეთი პრობლემა წარმოიშვა არჩევნების შემდეგ. უგულავას თქმით, ადრე ასეთ პრობლემას ადგილი არ ჰქონია, რადგანაც მხოლოდ ერთი პოლიტიკური პარტია იყო წარმოდგენილი ხელისუფლების ყველა დონეზე. მაგრამ ახლა, განაგრძო მან, ფუნქციები მკაფიოდ უნდა გაიმიჯნოს და განისაზღვროს, რაც შესაძლოა მტკივნეულად წარიმართოს, მაგრამ ამ პროცესმა არ უნდა მიაყენოს ზიანი სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამების ბენეფიციარებს.
This post is also available in: English