ახალი ამბები

ივანიშვილი რუსეთთან ურთიერთობებში სპეციალურ წარმომადგენელს დანიშნავს

საქართველოს მთავრობის განცხადებით, რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს სპეციალური წარმომადგენელი ეყოლება.

პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, მისი პრესსამსახურის ცნობით, სპეციალურ წარმომადგენელს 1 ნოემბერს წარადგენს.

ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ ვინ დაიკავებს ამ პოსტს, არ ვრცელდება, თუმცა შესაძლოა ეს იყოს ზურაბ აბაშიძე, რომელიც 2000–2004 წლებში საქართველოს ელჩი იყო რუსეთში; ცოტა ხნის წინ აბაშიძემ ივანიშვილთან გამართა შეხვედრა, რომელსაც ასევე ესწრებოდა საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე.

საქართველომ და რუსეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეწყვიტეს და მას მერე ორ ქვეყანას ურთიერთობები შვეიცარიელი დიპლომატების მეშვეობით აქვთ.

საქართველოს ახალმა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ  26 ოქტომბერს განაცხადა, რომ თბილისი არ აღადგენს დიპლომატიურ ურთიერთობებს რუსეთთან, სანამ მოსკოვს საელჩოები ექნება ცხინვალსა და სოხუმში. 

Back to top button