ახალი ამბები

იუსტიციის ახალმა მინისტრმა სააკაშვილს მთავარი პროკურორის გადაყენების თხოვნით მიმართა

ახალმა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პრეზიდენტ სააკაშვილს მთავარი პროკურორის მურთაზ ზოდელავას გადაყენების თხოვნით მიმართა.

იუსტიციის სამინისტროს პრესსპიკერის თქმით, წულუკიანს სურდა, თავად ეცნობებინა  საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ მთავარი პროკურორისთვის, მაგრამ ის ვერ შეხვდა მას, ვინაიდან ზოდელავა საქართველოში არ იმყოფება და უცნობია, როდის დაბრუნდება ის სამშობლოში. წულუკიანის წინამორბედმა, ზურაბ ადეიშვილმა, რომელიც პრეზიდენტ სააკაშვილის ადმინისტრაციაში მთავრობის გავლენიანი წევრი იყო, ასევე დატოვა ქვეყანა.

პრეზიდენტს უფლება აქვს დანიშნოს და გაათავისუფლოს მთავარი პროკურორი იუსტიციის მინისტრის თხოვნის საფუძველზე.          

ახალმა იუსიტიციის მინისტრმა ასევე სთხოვა პრეზიდენტს ახალ მთავარ პროკურორად არჩილ კბილაშვილი დანიშნოს, რომელიც 18 წლიანი გამოცდილების მქონე ადვოკატია და ამჟამად კოალიცია „ქართული ოცნების“ არჩეული მაჟორიტარი დეპუტატია ბაღდათის ერთმანდატიან ოლქში.   

პრემიერ–მინისტრ ბიძინა ივანიშვილის მთავრობა გეგმავს, რომ შეინარჩუნოს მთავარი პროკურატურა იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში, თუმცა სურს, რომ მთავარი პროკურორის პოსტი იუსტიციის მინისტრისგან დამოუკიდებელი გახადოს და გაზარდოს პარლამენტის როლი პროკურატურასთან მიმართებაში. 

მთავრობის პროგრამის თანახმად, იგეგმება ახალი წესის შემოღება, რომლის თანახმადაც მთავარ პროკურორს პრეზიდენტი  პარლამენტის თანხმობით დანიშნავს.

იგივე პროგრამის თანახმად, მთავარი პროკურორის თანამდებობიდან გათავისუფლება შესაძლებელი იქნება ან იმპიჩმენტის პროცედურებით ან პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, რასაც პარლამენტის თანხმობა დასჭირდება.

37 წლის თეა წულუკიანი, რომელიც პარლამენტმა მთავრობის ახალ შემადგენლობასთან ერთად 25 ოქტომბერს დაამტკიცა, პოლიტიკაში 2010 წლიდან მოვიდა, როდესაც ის ირაკლი ალასანიას პარტიის „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი გახდა. ის 1992–1997 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების და სამართლის ფაკულტეტზე სწავლობდა, ხოლო 1998–2000 წლებში საფრანგეთის École Nationale d’Administration (ENA)–ში გააგრძელა სწავლა, რისი დამთავრების შემდეგაც მან სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში დაიწყო მუშაობა – მან ეს სამსახური 2010 წელს დატოვა, როდესაც „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი გახდა.

წულუკიანმა 1 ოქტომბერს მაჟორიტარული არჩევნები მოიგო ნაძალადევის ერთმანდატიან ოლქში, თუმცა მას დეპუტატის უფლებამოსილება მოეხსნება, ვინაიდან ის აღმასრულებელი ხელისუფლების წევრი გახდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button