
ივანიშვილი: გავაკეთებთ იმაზე მეტს, ვიდრე დავპირდით

ახალი პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი უძღვება მთავრობის პირველ შეკრებას, ქუთაისში მთავრობის სახლში 25 ოქტომბერს. ფოტო: ივანიშვილის პრესსამსახური.
პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ დღეს ახალი მთავრობის დამტკიცებით დასრულდა მისი პოლიტიკაში ყოფნის პირველი ეტაპი და დაიწყო ახალი, დაპირებების შესრულების პროცესი.
„ერთ წელზე ცოტა მეტი გავიდა იმის შემდგომ, რაც პოლიტიკური განცხადება გავაკეთე. დღეს დასრულდა პირველი ეტაპი – ჩვენ ავიღეთ ხელისუფლება“, – განუცხადა ივანიშვილმა ჟურნალისტებს პარლამენტში დამტკიცების შემდეგ.
„და იწყება ეტაპი, დაპირებების შესრულების დრო“, – განაგრძო მან, „ძალიან მძიმე ტვირთი გვაწევს, ძალიან ბევრი დაპირებები გავეცი, მაგრამ ვარწმუნებ საქართველოს მოსახლეობას, რომ ჩვენ გავაკეთებთ უფრო მეტს. უფრო სწრაფად იგრძნობთ იმას, რასაც ჩვენ გპირდებოდით“.
მისი თქმით, პოლიტიკური საქმიანობის მესამე ეტაპს დაიწყებს მაშინ, როცა დაახლოებით წელიწადნახევარში დატოვებს ხელისუფლებაში გუნდს, რომელსაც სამოქალაქო სექტორიდან გააკონტროლებს.
„ყველაზე რთულ ადგილზე გადასვლას ვაპირებ მე და მინდა ჩემი აქტიური ცხოვრების ნაწილი მთლიანად მოვახმარო ჩემს ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას. ეს არის ჩემი ყველაზე დიდი ოცნება, რომ ჩვენ რაღაც ორი ათეული წლის განმავლობაში უნდა მივიღოთ ჭეშმარიტად ევროპული ტიპის სამოქალაქო საზოგადოება“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ პოლიტიკაში „ერთეულ პიროვნებებზე“ დამოკიდებულება უნდა შემცირდეს.
პრეზიდენტ სააკაშვილთან დაკავშირებით, პრემიერ–მინისტრმა განაცხადა, რომ მას ახალი მთავრობისთვის პრობლემების შესაქმნელად „არ აქვს არავითარი რეალური ძალა“, თუმცა დასძინა, რომ მისი „დაუბალანსებელი“ ხასიათიდან გამომდინარე „ყველაფერს შეიძლება დაველოდოთ“.
„ფორმალური აქვს, მაგრამ რეალური ძალა არ აქვს [პრეზიდენტ სააკაშვილს]“, – განაცხადა ივანიშვილმა, „ნებისმიერი იმ უფლების გამოყენებით, რომელიც მას კონსტიტუციით ენიჭება, მხოლოდ მის საწინააღმდეგოდ მოხდება ქმედებები“, თუ თავის უფლებამოსილებებს „ჩვენი გუნდის საწინააღმდეგოდ გამოიყენებს“.
სააკაშვილის ნაციონალურ მოძრაობაზე საუბრისას ივანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ისინი ვერ ახერხებენ კონსტრუქციულ ოპონირებას ახალი ხელისუფლებასთან.
„ოპოზიციის დღევანდელი და გუშინდელი ქცევა [პარლამენტში] იმედგაცრუებას იწვევს ჩემში. მე უფრო მეტს ველოდი“, – განაცხადა მან, „ვერ ახერხებენ კონსტრუქციულობას. ძალიან ვაკვირდებოდი მათ ქცევებს, თუ გნებავთ ფიზიკურს, მიმიკებსაც კი. ძალიან საწყენია, რომ ცოტაა პერსპექტივა და ცოტაა დღეს ხალხი ოპოზიციაში, ვინც მოახერხებს, ჩემი აზრით, კონსტრუქციულად იმუშაოს ქვეყნის კეთილდღეობისათვის“.
„ჩემი სურვილია ოპოზიციასთან დაკავშირებით, რომ რაც შეიძლება მეტმა მათგანმა მოახერხოს კონსტრუქციული ოპონირება, რაც აუცილებელია ჩვენთვის და ძალიან საჭიროა ქვეყნისათვის“, – აღნიშნა მან.
პრემიერ–მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ „დიდი სურვილი“ აქვს „განვითარდეს და გაძლიერდეს“ პარლამენტს გარეთ დარჩენილი პარტიებიც, რათა მათ მთავრობის ოპონირება მოახერხონ გარედან „სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად“.