
პრეზიდენტი გუბერნატორების პირდაპირი წესით არჩევის ინიციატივით გამოვიდა
პრეზიდენტი სააკაშვილი გუბერნატორების, ასევე მერებისა და გამგებლების პირდაპირი არჩევის წესის შემოღების ინიციატივით გამოვიდა.
"როდესაც ხელისუფლებაში მოვედი ქალაქის მერებს და გამგებლებს პრეზიდენტი ნიშნავდა, მათ ახლა საკრებულოები ირჩევენ, ხოლო თბილისის მერს – თბილისის მოსახლეობა", – განაცხადა მან 21 ოქტომბერს ახალი პარლამენტის პირველ შეკრებაზე გამხსნელი სიტყვით გამოსვლისას.
"პირდაპირი არჩევის წესი სხვა მერებზე და გამგებლებზეც უნდა გავრცელდეს და ასევე გთავაზობთ, რომ პირდაპირი წესით ავირჩიოთ ყველა გუბერნატორი საქართველოში", – განაცხადა მან.
მოქმედი კანონმდებლობით, გუბერნატორებს თანამდებობებზე პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრთან კონსულტაციის შემდეგ ნიშნავს და ათავისუფლებს.
ყველა მერის პირდაპირი წესით არჩევის თაობაზე ინიციატივით სააკაშვილი პირველად 2010 წელს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას გამოვიდა, თუმცა მაშინდელმა მმართველმა უმრავლესობამ – ნაციონალურმა მოძრაობამ უარი თქვა ამ ინიციატივის სრულად იმპლემენტაციაზე და მხოლოდ დედაქალაქის მერის პირდაპირ არჩევის წესის დაკანონებას დაუჭირა მხარი, ხოლო სხვა დიდ ქალაქებში მერების პირდაპირ არჩევის ინიციატივა კენჭისყრაზე ჩააგდო.
1 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვებული კოალიცია "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო პროგრამაში ამომრჩეველს პირდება, რომ თვითმმართველ ორგანოებს არჩევითი წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები ეყოლებათ პირდაპირი წესით არჩეული საკრებულოებისა და მერების/გამგებლების სახით; ასევე "ყოველ სოფელს ეყოლება არა დანიშნული, არამედ მის მიერ არჩეული მამასახლისი".
ივანიშვილის კოალიციის დაპირებაა ასევე სამხარეო თვითმმართველობის ჩამოყალიბებისათვის პირობების შექმნა, ხოლო გარდამავალ ეტაპზე რეგიონული მმართველობის დონეზე დემოკრატიული ფორმების ჩამოყალიბება.
"უზრუნველყოფილი იქნება ხელისუფლების ავტორიტარული მართვის სისტემის რეგიონალურ განშტოებად ჩამოყალიბებული გუბერნატორის ინსტიტუტის ჩანაცვლება ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებზე დაფუძნებული ქმედითი სამხარეო ხელისუფლების სისტემით", – ნათქვამია "ქართული ოცნების" პროგრამაში.