skip to content
ახალი ამბები

ევროკავშირი საქართველოს ლიდერებს კონსტრუქციული ერთობლივი მუშაობისკენ მოუწოდებს

თანაარსებობა „შესაძლოა რთული იყოს“, მაგრამ ის თუ როგორ იმუშავებენ ერთად პრეზიდენტი სააკაშვილი და მომავალი პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი  იმის მანიშნებელი იქნება, თუ „რამდენად შორს წავიდა საქართველო დემოკრატიული სიმწიფის თვალსაზრისით“, განაცხადა ევროკომისარმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში შტეფან ფულემ 18 ოქტომბერს.

ფულე, რომელიც ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორის მოადგილესთან ჰელგა შმიდტთან ერთად სტუმრობს საქართველოს, 18 ოქტომბერს ივანიშვილს და მინისტრობის რამდენიმე კანდიდატს, ასევე ამჟამინდელი მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდა.

„მოიტოვეს რა უკან მათ შორის არსებული განსხვავებები, საქართველოს ლიდერებმა უზრუნველყვეს, რომ ხელისუფლების ისტორიული გადაცემა უმტკივნეულოდ განხორციელებულიყო. პრეზიდენტმა სააკაშვილმა და ბატონმა ივანიშვილმა თავიანთი ქვეყნის ინტერესები უფრო მაღლა დააყენეს და ჩვენ მივესალმებით მათ, როგორც სახელმწიფო მოღვაწეებს და მათ პატრიოტიზმს. ევროკავშირი იმედოვნებს, რომ ისინი ამავე კონსტრუქციული სულისკვეთებით განაგრძობენ ერთობლივ მუშაობას“, – განაცხადა ფულემ.

მისი თქმით, საქართველომ და ევროკავშირმა პროგრესს მიაღწიეს ასოცირების ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკებებში, რომელიც ასევე მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას. მან ასევე აღნიშნა, რომ ხელისუფლების გადაცემას არ შეუფერხებია ეს მოლაპარაკებები და ყველა დაგეგმილი შეხვედრა გრაფიკის შესაბამისად ჩატარდება.

„ჩვენ ძალიან ვაფასებთ მომავალი სამთავრობო გუნდის მზადყოფნას ამ ძალისხმევის უწყვეტობა შეინარჩუნოს“, – განაცხადა ფულემ.

ევროკავშირის სახელით, მან მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ სააკაშვილს და მის მთავრობას იმ რეფორმებისთვის, რომლითაც „მათ შეუძლიათ იამაყონ; და მათ ასევე შეუძლიათ იამაყონ იმით, თუ როგორ მოხდა მართვის სადავეების გადაცემა“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button