ახალი ამბები

პრეზიდენტმა ბიძინა ივანიშვილი პრემიერ–მინისტრობის კანდიდატად დაასახელა

პრემიერ–მინისტრის თანამდებობაზე შერჩეულ იქნა ბიძინა ივანიშვილი, 1 ოქტომბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული კოალიციის „ქართული ოცნების“ ლიდერი, განაცხადა პრეზიდენტ სააკაშვილის სახელით მისმა პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ 17 ოქტომბერს.

მოქმედი მთავრობა 10 ოქტომბერს გადადგა და პრეზიდენტს, კონსტიტუციის თანახმად, შვიდი დღე ჰქონდა პრემიერ–მინისტრობის კანდიდატის შესარჩევად.

კანდიდატის შერჩევა პრეზიდენტს, კონსტიტუციის თანახმად, საპარლამენტო ფრაქციებთან კონსულტაციების შემდეგ უნდა მოეხდინა. იმის გამო, რომ ახალარჩეული პარლამენტი ჯერ არ შეკრებილა, პრეზიდენტს "კონსულტაციების" პროცედურა მოქმედი პარლამენტის ფრაქციებთან უნდა გაევლო.

ახალი პარლამენტის პირველი შეკრება 21 ოქტომბერს იგეგმება ქალაქ ქუთაისში აშენებულ ახალ შენობაში, რომლის მშენებლობის და სათანადოდ აღჭურვის პროცესიც ჯერ ბოლომდე დასრულებული არ არის. თუმცა კეთდება განცხადებები, რომ შენობა მზადაა უმასპინძლოს პირველ სხდომას.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 16 ოქტომბერს ბუქარესტში გამგზავრების წინ, სადაც ის ევროპის სახალხო პარტიის ყრილობას ესწრება, განაცხადა, რომ პარლამენტის შეკრების გადადებას აზრი არ აქვს, რადგან რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს ახალი მთავრობის დამტკიცება.

ბიძინა ივანიშვილმა თავისი მომავალი კაბინეტის წევრების დასახელება 16 ოქტომბერს დაასრულა.

„აქ საუბარი არ არის იმაზე მე, როგორც პრეზიდენტს ან პოლიტიკოსს, მომწონს თუ არა ამ მთავრობის შემადგენლობა. საუბარია იმაზე, რომ ჩვენ ვთქვით, რომ ვინაიდან ასეთია ქართველი ხალხის ნება, ჩვენ ვითანამშრომლებთ ნებისმიერ შემადგენლობასთან, რომელსაც წარმოადგენს არჩევნებში უმრავლესობით მოსული კოალიცია. ამიტომ ჩვენ ამ შემადგენლობას გადავაგზავნით პარლამენტში“, – განაცხადა სააკაშვილმა აეროპორტში ჩაწერილ თავის ვიდეო–მიმართვაში.

„იმედი მაქვს, რომ პარლამენტი დროზე შეიკრიბება, ყველა პროცედურა დროზე იქნება გავლილი, გადადებას აზრი არ აქვს და არც არის სწორი“, – განაგრძო მან, „რაც შეიძლება ჩქარა უნდა დავასრულოთ ყველანაირი კონსტიტუციით გათვალისწინებული პროცედურები და ვადები“.

პრემიერ-მინისტრის კანდიდატურის შერჩევის შემდეგ მაქსიმუმ 10 დღის ვადაში, კონსტიტუციის თანახმად, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით შეარჩევს მთავრობის წევრების კანდიდატურებს, რის შემდეგაც 3 დღის ვადაში პრეზიდენტი შეიტანს პარლამენტში მთავრობის შემადგენლობას ნდობის მისაღებად. აქედან მაქსიმუმ ერთი კვირის ვადაში პარლამენტი დაამტკიცებს მთავრობას და მის პროგრამას სრული შემადგენლობის უმრავლესობით – 76 ხმით. ამის შემდეგ მთავრობის წევრები თანამდებობებზე სამი დღის ვადაში ინიშნებიან, რითაც ოფიციალურად იწყებენ თავიანთი მოვალეობების შესრულებას.

„ეს მთავრობა რაც შეიძლება ჩქარა უნდა დაამტკიცოს საქართველოს პარლამენტმა“, – განაცხადა სააკაშვილმა. 

„მე ვისურვებდი, რომ ის დაპირებები, რომელიც გამარჯვებულმა კოალიციამ მისცა ქართველ ხალხს, მაქსიმალურად შესრულებულიყოს; ვისურვებდი, რომ საქართველოს პროგრესი გაგრძელდეს; და ვისურვებდი ასევე, რომ საპარლამენტო ოპოზიციამ შეასრულოს მისი მაკონტროლებლის როლი, კონსტიტუციური პროცესი გაგრძელდეს და საქართველოს განვითარება გაგრძელდეს – ჩემი, როგორც პრეზიდენტის ფუნქცია, ამ ეტაპზე შემოიფარგლება სწორედ ამით“, – აღნიშნა მან 16 ოქტომბერს. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button