ახალი ამბები

სააკაშვილმა ოთხი ახალი გუბერნატორი დანიშნა

პრეზიდენტმა ოთხი ახალი გუბერნატორი დანიშნა, საიდანაც სამი მოქმედ მთავრობაში მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელია, ხოლო ერთი მოქმედი დეპუტატი.

კახეთის რეგიონში პრეზიდენტის რწმუნებულად ზურაბ ჭიაბერაშვილი, ჯანდაცვის მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელი დაინიშნა.

ვახტანგ ბალავაძე, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ამჟამინდელი ხელმძღვანელი და ყოფილი დეპუტატი მმართველი პარტიიდან იმერეთის რეგიონში გახდა პრეზიდენტის რწმუნებული.

ზაზა გოროზია, რომელიც სოფლის მეურნეობის მინისტრად მის ამჟამინდელ თანამდებობაზე დანიშვნამდე სამეგრელო-ზემო სვანეთში გუბერნატორი იყო, ისევ პრეზიდენტის რწმუნებულის რანგში დაუბრუნდა ამ რეგიონს.

რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რეგიონში ახალი გუბერნატორი გახდა გიორგი ჭელიძე, მოქმედ პარლამენტში ონის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ნაციონალური მოძრაობიდან. პარლამენტში შესვლამდე ჭელიძე ამ რეგიონის გუბერნატორის მოადგილე იყო.

მიხეილ სააკაშვილმა ეს საკადრო გადაწყვეტილებები ბიძინა ივანიშვილის კოალიცია „ქართული ოცნების“ ახალი მთავრობის დაკომპლექტებამდე მიიღო.

პრეზიდენტს, მოქმედი კონსტიტუციით, გუბერნატორების დანიშვნა და თანამდებობიდან გათავისუფლება  პრემიერ-მინისტრთან კონსულტაციის შემდეგ შეუძლია.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button