ახალი ამბები

პრეზიდენტმა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა

პრეზიდენტმა სააკაშვილმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას „სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე“ ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე. 

"საქართველოს  მოქალაქეობის შესახებ  საქართველოს ორგანული  კანონის 27-ე  მუხლის პირველი პუნქტის  „ბ“ ქვეპუნქტისა და 33-ე მუხლის შესაბამისად მიღებულ იქნეს საქართველოს მოქალაქედ ბიძინა ივანიშვილი, დაბადებული 1956 წლის 18 თებერვალს", – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციაში. 

16 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტის ბრძანებულება ამოქმედდება ბიძინა ივანიშვილისთვის საფრანგეთის რესპუბლიკის მოქალაქეობის შეწყვეტისთანავე. 

ივანიშვილმა საფრანგეთის მოქალაქეობის შეწყვეტის თხოვნით საქართველოში საფრანგეთის საელჩოს ოფიციალურად ჯერ კიდევ შარშან 29 დეკემბერს მიმართა და საფრანგეთის მოქალაქის პასპორტი ჩააბარა. თუმცა საქართველოს მოქალაქეობის დაბრუნებამდე ის საფრანგეთის მოქალაქეობას ინარჩუნებდა.

ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში ჰქონდა ჩამორთმეული მას შემდეგ, რაც მან შარშან ოქტომბერში პოლიტიკაში მოსვლის თაობაზე გააკეთა განცხადება. მან კოალიცია „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანია საფრანგეთის მოქალაქის რანგში წარმართა, მანამდე კი უარი თქვა რუსეთის მოქალაქეობაზე.

მოქალაქეობის დასაბრუნებლად ივანიშვილი სასამართლო გზით იბრძოდა, თუმცა ამ მიზანს მან სასამართლოს მეშვეობით ვერ მიაღწია. პრეზიდენტმა მას უარი უთხრა ასევე ნატურალიზაციის გზით მოქალაქეობის მიცემაზეც. სპეციალურად მისთვის ნაციონალურმა მოძრაობამ გაზაფხულზე შეცვალა კონსტიტუცია, რათა მას საქართველოს მოქალაქეობის მიღების გარეშე მიცემოდა არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა. თუმცა ივანიშვილმა, როგორც თავად უწოდებდა, ამ „უგუნური“ ცვლილებით არ ისარგებლა.

მილიარდერი პოლიტიკოსი, რომლის კოალიციამაც 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა, როგორც ჩანს, უახლოეს მომავალში საქართველოს პრემიერ–მინისტრის თანამდებობას საქართველოს მოქალაქის რანგში დაიკავებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button