
მერაბიშვილი ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი გახდა
პრემიერ–მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ვანო მერაბიშვილი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი გახდა, რომელიც პარტიის, როგორც პრეზიდენტმა სააკაშვილმა აღნიშნა, „გაწმენდის, კათარზისის და განახლების“ პროცესს უხელმძღვანელებს.
მერაბიშვილს ერთხელ უკვე ეკავა ეს პოსტი; იგი 2002 წლის შემდეგ, დაახლოებით, ორი წლით იყო პარტიის გენერალური მდივანი, როდესაც ნაციონალური მოძრაობა ექს–პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის ოპოზიციაში იყო, სანამ ის 2003 წლის ვარდების რევოლუციის შედეგად ხელისუფლებაში მოვიდოდა.
მერაბიშვილმა განაცხადა, რომ ის ნაციონალურ მოძრაობას, რომელიც ხელისუფლებაში თითქმის ცხრაწლიანი ყოფნის შემდეგ 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე დამარცხდა, „თანამედროვე, ახალი ტიპის პარტიად“ გადააქცევს.
„ნაციონალური მოძრაობა ჩაუყრის საფუძველს საქართველოში მყარი დემოკრატიის შექმნას იმიტომ, რომ როგორც ნაციონალურმა მოძრაობამ შექმნა ახალი სახელმწიფო, ახლა მას აქვს ამოცანა შექმნას ახალი ტიპის ოპოზიციური მოძრაობა“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა.
„რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანი და ამოცანა არის და იქნება ხელისუფლებაში დაბრუნება და იმ ფასეულობების და პრინციპების გატარება, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა წლების განმავლობაში ახორციელდებდა“, – განაცხადა მან.
ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, რომლის თავმჯდომარეც პრეზიდენტი სააკაშვილია, ახალ პარლამენტში 65 მანდატი მოიპოვა, ბიძინა ივანიშვილის „ქართულმა ოცნებამ“ კი – 85. პარლამენტის ამჟამინდელმა თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობა რამდენიმე ფრაქციას შექმნის პარლამენტში.
15 ოქტომბერს ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების და მისი არჩეული დეპუტატების წინაშე საუბრისას, პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობა შეინარჩუნებს თავის „სიძლიერეს და გადამწყვეტ როლს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში“.
მისი თქმით, მიუხედავად პროგრესისა, სიღარიბე და უმუშევრობა უდიდეს გამოწვევებად რჩებოდა საქართველოში და „ადვილი იყო სხვადასხვა ძალებისთვის ამაზე ხელის მოთბობა“.
„ამიტომ, ეს არჩევნები, არჩევნების შედეგები და ის, რაც განვითარდება საქართველოში შემდგომი თვეების და წლების განმავლობაში, ეს იქნება ქართული საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი. ჩვენ როგორც საზოგადოება, დარწმუნებული ვარ, წავიწევთ და განვითარდებით“, – განაცხადა სააკაშვილმა.
„ჩვენთვის, როგორც პარტიისთვის, ეს უნდა იყოს გაწმენდის, კათარზისის, განახლების, ახალი ეტაპის დაწყების ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი“.
„მე დარწმუნებული ვარ, რომ ნაციონალური მოძრაობა შეინარჩუნებს სიძლიერეს და შეინარჩუნებს გადამწყვეტ როლს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში“, – განაცხადა სააკაშვილმა.
პირველად ქვეყნის უახლეს ისტორიაში ქვეყანას ეყოლება „მხოლოდ ორი ძლიერი პოლიტიკური პარტია“ პარლამენტში, განაცხადა სააკაშვილმა.
„ეს უნდა გამოვიყენოთ ჩვენ სწორად“, – განაცხადა მან.
„ჩვენი ამოცანა არ არის ახალი მთავრობისთვის ხელის შეშლა“, – განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ ამჟამინდელი ხელისუფლება აღმასრულებელი ხელისუფლების კუთხით ყველაფრის გადაბარებას ახორციელებს ახალი მთავრობისთვის.
სააკაშვილის თქმით, მისი მთავრობა ყველაზე დიდ საბიუჯეტო რესურსს უტოვებს ახალ მთავრობას, „რომელიც ოდესმე ჰქონია საქართველოს“; ასევე „ძალიან კარგად ფუნქციონირებად ინსტიტუტებს“ და „ძალიან კარგ ინფრასტრუქტურას“.
„ყველაფერი ეს გადაეცემა ხელუხლებლად ახალ მთავრობას; ამიტომ, ახლა მათ ეს ყველაფერი უნდა გამოიყენონ თავისი დაპირებების შესასრულებლად და ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ“, – განაცხადა მან.
„ჩვენ გაგვიხარდება ყველა ნაბიჯი, რომელსაც ეს მთავრობა გადადგამს მრავალეთნიკური ქართული საზოგადოების საკეთილდღეოდ. ჩვენ ისიც ვიცით, რომ ჩვენს შორის არსებობს ფუნდამენტური განსხვავებები; ძირფესვიანად განსხვავდება ჩვენი ხედვა, რა უნდა იყოს საქართველოს განვითარების ვექტორი და რა უნდა გაკეთდეს ქვეყანაში; მაგრამ ამ საკითხშიც, თუ შეგვიძლია ეს განსხვავება შევამციროთ, უნდა ვცადოთ, რომ შევამციროთ, და თუ არა, ოპონირება უნდა იყოს ძალიან კონტრუქციული. ჩვენ არ გაგვიხარდება საქართველოს ახალი მთავრობის არც ერთ მარცხი“, – განაცხადა სააკაშვილმა.
„ეს არის ჩვენი ხედვა იმიტომ, რომ ჩვენ არ ვართ ქვეყნის ოპოზიცია; ჩვენი სამშობლოს ოპოზიცია ვერ ვიქნებით; ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ ოპოზიცია მხოლოდ მეორე პოლიტიკური ძალის, რაც არის ჯანსაღი პროცესი, პირველ რიგში, ამ პოლიტიკური ძალისთვის, რომელიც მოვიდა უმრავლესობით საქართველოს პარლამენტში“.
„მაგრამ, როგორც არასდროს, ნაციონალური მოძრაობის იდეა არის აქტუალური; ეს არის იდეა, რომელიც ეფუძნება ქართული სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბებას – ჩვენ წარმოუდგენლად დიდ პროგრესს მივაღწიეთ ბოლო წლებში ამ მიმართულებით; ეს არის იდეა, რომელიც ეფუძნება აღმშენებლობას და აქ ჩვენ არ გვჭირდება თავის მოწონება – ყველა თვითონ ხედავს, რაც არის. ეს არის იდეა, რომელიც ეფუძნება თითოეული ქართული ოჯახის კეთილდღეობას და, რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით ძალიან ბევრია გასაკეთებელი. არ ვიტყვი, რომ რომელიმე მიმართულებით ჩვენ რაიმე დავასრულეთ; ყველა მიმართულებით წინ წავიწიეთ და ეს იყო მხოლოდ დასაწყისის დასაწყისი“, – განაცხადა სააკაშვილმა.
„ჩვენ ვისურვებდით, რომ შემდეგმა მთავრობამ ეს გააგრძელოს. თუმცა ყველა შემთხვევაში, როგორც არ უნდა მოიქცეს შემდეგი მთავრობა, ქართველი ხალხი გარდაუვლად ამას გააგრძელებს და ჩვენ ვიქნებით ამ გაგრძელების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი“, – განაცხადა მან.
მან ასევე განაცხადა, რომ ნაციონალ მოძრაობას სჭირდება „ახალი ხალხი პარტიაში, განახლება, ახალი სისხლი, ჩვენ გვჭირდება ყველა ასაკის ახალი ადამიანი და მათ შორის, ბევრი ახალგაზრდა“. მან ასევე დასძინა, რომ ვანო მერაბიშვილი თავისი „კარგი ორგანიზაციული გამოცდილებით“ კარგი არჩევანია პარტიის გენერალური მდივნის პოსტზე.
„ჩვენ ვართ იდეაზე დაფუძნებული ორგანიზაცია, ჩვენ არ ვართ პიროვნებებზე დაფუძნებული ორგანიზაცია, რადგან პიროვნებები წავლენ და მოვლენ. ჩვენ გვინდა, რომ ბევრი ახალი მოვიდეს იმისათვის, რომ ეს იდეა გაგრძელდეს“, – განაცხადა მან.
მოგვიანებით 15 ოქტომბერს ტელეკომპანია „რუსთავი 2“–თან ინტერვიუში მერაბიშვილმა განაცხადა, რომ არჩევნებში ნაციონალური მოძრაობის დამარცხების „სწორი ანალიზი“ გაკეთდება, რათა არ მოხდეს მომავალში იგივე შეცდომების გამეორება.
კითხვაზე იყო თუ არა ციხის სკანდალი ნაციონალური მოძრაობის დამარცხების მიზეზი, მერაბიშვილმა უპასუხა: „მე ვიტყოდი, რომ არა მარტო. მე ვფიქრობ, რომ სხვა ბევრმა გარემოებამაც განაპირობა. დღეს ძნელია ზუსტი ანალიზის გაკეთება“.
„ქართული ოცნების“ ზოგიერთმა წარმომადგენელმა განაცხადა ცოტა ხნის წინ, რომ ისინი შეეცდებიან ნაციონალური მოძრაობის არჩეული დეპუტატების მხარდაჭერა მოიპოვონ ისეთი კანონპროექტების მისაღებად, რომელთაც პარლამენტის წევრთა ორი–მესამედის ხმები სჭირდება. „ქართულ ოცნებას“ 15 დეპუტატი დააკლდა საკონსტიტუციო უმრავლესობის მოსაპოვებლად.
კითხვაზე, რამდენად რეალურია, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ შეიძლება პარლამენტში ადგილები დაკარგოს იმის გამო, რომ მისი წევრები „ქართულ ოცნებაში“ გადავიდნენ, მერაბიშვილმა უპასუხა: „მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენი პარტიული სიის და მაჟორიტარული კანდიდატების ძალიან დიდი ნაწილი დარჩება იმ პრინციპების ერთგული, რა პრინციპებითაც მათ კენჭი იყარეს მიუხედავად იმისა, რა ზეწოლაც შეიძლება განახორციელეს მათ წინააღმდეგ“.
„მე იმედი მაქვს, რომ ახალ ხელისუფლებას ეყოფა გონიერება, რომ არ განახორციელოს ზეწოლა პარლამენტის წევრებზე“, – განაცხადა მან.
მერაბიშვილმა ასევე განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობა ქართულ პოლიტიკაში ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის თანამშრომლობის „ახალი ტიპის სტანდარტებს“ შექმნის იმ საკითხებში, სადაც შეხედულებათა თანხვედრაა და „ამავე დროს ვაჩვენებთ კონსტრუქტივიზმის ახალ სტანდარტებს, რომელიც მომავალში იქნება სტანდარტი პოლიტიკური საქმიანობის“.
„ჩვენ ასევე მზად ვართ პოლემიკა გავმართოთ იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელშიც ჩვენ არ დავეთანხმებით, ან სადაც საზოგადოების მცირე ჯგუფებს ექნებათ წინააღმდეგობა ახალ მთავრობასთან“, – განაცხადა მან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)