
თბილისის საკრებულოში ნაციონალურ მოძრაობისგან გამიჯნული ხუთი დეპუტატი ფრაქციას ქმნის
დედაქალაქის საკრებულოს ხუთმა დეპუტატმა, რომლებიც ნაციონალურ მოძრაობას გამოეყვნენ, ფრაქცია „თავისუფლების“ შექმნის შესახებ გააკეთეს განცხადება 12 ოქტომბერს.
ახალ ფრაქციაში შედიან: სამგორის ერთ–ერთი საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი ირაკლი შიხიაშვილი და მიხეილ ქავთარაძე – ეს ორი დეპუტატი ნაციონალურ მოძრაობას 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე გაემიჯნა და მხარდაჭერა კოალიცია „ქართულ ოცნებას გამოუცხადა; ასევე ყოფილი ფეხბურთელი და მაჟორიტარი ნაძალადევის ოლქიდან გიორგი ნემსაძე; მაჟორიტარი კრწანისიდან მერაბ რაფავა; და ზაურ დოლიძე, ვაკის ერთ–ერთი ოლქიდან საკრებულოში არჩეული მაჟორიტარი.
თავდაპირველად თბილისის 50–წევრიან საკრებულოში ნაციონალური მოძრაობა 38 დეპუტატით იყო წარმოდგენილი. ამჟამად, ნაციონალური მოძრაობის ფრაქციაში 33 დეპუტატია დარჩენილი. საკრებულოში ძირითადი გადაწყვეტილებები ხმების უმრავლესობით მიიღება.
ირაკლი შიხიაშვილმა განაცხადა, მათი ახალი ფრაქციის კარი ღიაა ყოფილი თანაგუნდელებისთვის.
„საკრებულოში დაწყებულია ნაცმოძრაობის შეუქცევადი რღვევა“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ მისი ინფორმაციით საკრებულოს უმრავლესობის დატოვების სურვილი კიდევ რამდენიმე ადამიანს აქვს.
მან ასევე განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობიდან გამიჯვნა იმან განაპირობა, რომ შეუძლებელი გახდა იმ „უზურპატორული მმართველობის მოთმენა“, რაც „ქალაქის მერს, გიგი უგულავას ჰქონდა დამყარებული საკრებულოზე, რომელიც მისი ნოტარიუსის ფუნქციას ასრულებდა“.
ნაციონალური მოძრაობა, რომელმაც 1 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ ოპოზიციაში გადასვლის შესახებ გამოაცხადა, ადგილობრივ ხელისუფლებაში უმრავლესობით რჩება 2010 წლის მაისში ქვეყნის მასშტაბით ოთხი წლის ვადით არჩეულ ყველა საკრებულოში. ნაციონალური მოძრაობის დასაყრდენია პრეზიდენტი, რომელსაც მისი მეორე და საბოლოო საპრეზიდენტო ვადა ერთი წლის შემდეგ ეწურება და პირდაპირი წესით არჩეული თბილისის მერი, რომელსაც ამ პოსტზე 1 წელი და 7 თვე აქვს დარჩენილი უფლებამოსილების ამოწურვამდე.