
მთავრობა მოვალეობის შესრულების რეჟიმში გადავიდა
პრეზიდენტმა სააკაშვილმა დააკმაყოფილა პრემიერ ვანო მერაბიშვილის ხელმძღვანელობით საქართველოს მოქმედი მთავრობის შუამდგომლობა გადადგომის თაობაზე და მასვე დააკისრა მოვალეობის შესრულება მთავრობის ახალი შემადგენლობის დანიშვნამდე.
„საქართველოს მთავრობის ახალი შემადგენლობა ახალი მოწვევის პარლამენტს კონსტიტუციით დადგენილ ვადებში წარედგინება“, – იტყობინება პრეზიდენტის ადმინისტრაცია 10 ოქტომბერს.
კონსტიტუციის თანახმად, 1 ოქტომბერს არჩეული პარლამენტის ახალი შემადგენლობის უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან მოქმედ მთავრობას ეხსნება უფლებამოსილება და საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტს წარუდგენს მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობის მისაღებად.
მთავრობის წარდგენას, დამტკიცებას და მინისტრების თანამდებობებზე დანიშვნას მაქსიმუმ 30 დღე შეიძლება დასჭირდეს.
კერძოდ, მოქმედი კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტი მთავრობის უფლებამოსილების მოხსნიდან 7 დღის განმავლობაში შეარჩევს პრემიერ–მინისტრის კანდიდატურას საპარლამენტო ფრაქციებთან კონსულტაციების შემდეგ, ხოლო პრემიერობის კანდიდატი პრეზიდენტთან შეთანხმებით 10 დღის ვადაში – მინისტრობის კანდიდატურებს, რის შემდეგაც 3 დღის ვადაში პრეზიდენტი შეიტანს პარლამენტში მთავრობის შემადგენლობას ნდობის მისაღებად. აქედან ერთი კვირის ვადაში პარლამენტი დაამტკიცებს მთავრობას და მის პროგრამას სრული შემადგენლობის უმრავლესობით – 76 ხმით. ამის შემდეგ მთავრობის წევრები თანამდებობებზე უნდა დაინიშნონ სამი დღის განმავლობაში.
პრეზიდენტი სააკაშვილი აცხადებს, რომ ის მზად არის 1 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვებული კოალიცია „ქართული ოცნების“ შეთავაზებული პრემიერ–მინისტრობის კანდიდატი ბიძინა ივანიშვილი და მის მიერ შერჩეული მთავრობის წევრები წარუდგინოს ახალ პარლამენტს დასამტკიცებლად.
ივანიშვილმა მომავალი კაბინეტის 20 მინისტრიდან 13–ის კანდიდატურა უკვე დაასახელა, დანარჩენი 7 მინისტრობის კანდიდატის შერჩევის მიზნით კონსულტაციები კვლავ გრძელდება.